ევროკავშირმა საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმისთვის 30 მლნ ევრო გამოყო

ევროკავშირმა საქართველოს საჯარო მმართველობის მოდერნიზების პროგრამის განხორციელებისთვის 30 მლნ ევროს ოდენობით დახმარება გამოუყო.

საქართველოში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლობის ინფორმაციით, პროგრამა 2016-2019 წლებში განხორციელდება და მთლიანი დახმარებიდან 20 მლნ ევრო სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება, ხოლო 10 მლნ ევრო მთავრობისთვის ტექნიკური დახმარების გაწევას და ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო დაფინანსებას მოხმარდება.

„ევროკავშირისთვის ძალზე საამაყოა, რომ ის საქართველოსთვის მისაბაძი მაგალითია და, ამავდროულად, შეუძლია, დახმარება გაუწიოს საქართველოს მთავრობას ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა პროგრამის დაწყების ცერემონიაზე 28 ოქტომბერს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის პროგრამა უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში.

პროგრამა ხუთ ძირითად პრინციპს ეყრდნობა: ხარისხიანი მმართველობითი პოლიტიკისა და დაგეგმვის უზრუნველყოფა მთელი ქვეყნის მასშტაბით; საჯარო მოხელეთა მართვა გამჭვირვალედ და უპირატესობების გათვალისწინებით; საჯარო სექტორის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, მათ შორის კორუფციის თავიდან აცილებაზე მიმართული ძალისხმევის გაგრძელებით; მოქალაქის წვდომა სახელმწიფო სერვისებზე; და ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურის განმტკიცება.

პროგრამის შედეგად, რომლის ფარგლებშიც პირდაპირი ტექნიკური დახმარება გაეწევა სოფლის მეურნეობის, იუსტიციის, განათლების, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს, მოსალოდნელია ახალი კანონმდებლობის მიღება, მათ შორის კანონის ხელფასების შესახებ და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ.