ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობა 10 საათისთვის 4.65%-ია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დაწყებიდან ორ საათში, 10 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 4.65% შეადგინა.
ყველაზე მაღალი აქტივობა იმ 50 ერთმანდატიანი ოლქიდან, სადაც ხმის მიცემა მიმდინარეობს ორ კანდიდატს შორის გამარჯვებული მაჟორიტარის გამოსავლენად, მცხეთის 37-ე ოლქში დაფიქსირდა, სადაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 9%-მა მისცა ხმა. მეორე ტურში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, ვინც მეტ ხმას მიიღებს.
ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრა „მშვიდ გარემოში“ მიმდინარეობს 2 229 საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში 2 478 042 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ცესკო ასევე იტყობინება ცალკეული პროცედურული დარღვევების შესახებ, რომლებიც ადგილზე აღმოიფხვრა ან მათ შესახებ საჩივრები დაიწერა.
მარნეულის ოლქის ყიზილაჯლოს უბანზე, სადაც 8 ოქტომბერს ძალადობრივი ინციდენტი მოხდა, ცესკოს ინფორმაციით, დილიდან კომისიის წევრებს „ხელს უშლიდნენ“ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და დამკვირვებელი „თანასწორობის ცენტრიდან“, რომლებსაც რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ დაატოვებინეს საარჩევნო უბანი.
„საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებს, არ შეუშალონ ხელი კენჭისყრის მიმდინარეობას“, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების „სამართლიანი არჩევნების“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ინფორმაციით, კენჭისყრა ძირითადად მშვიდ ვითარებაში, არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა დაფიქსირდა ცალკეული პროცედურული პრობლემები, მათ შორის წილისყრის პროცედურებთან და კომისიის წევრის მიერ მოვალეობის არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)