კენჭისყრა დასრულდა, სარჩევნო კომისიები მეორე ტურის შედეგებს ითვლიან
30 ოქტომბერს 8 საათზე 50 ერთმანდატიან ოლქში გახსნილი 2 229 უბანი დაიხურა და საარჩევნო კომისიებმა მეორე ტურის შედეგების დათვლა დაიწყეს.
ცესკოს ინფორმაციით, 50-ვე ოლქში საერთო ჯამში რეგისტრირებული 2 478 042 ამომრჩევლის 37.5%-მა გამოხატა თავისი ნება, რაც 8 ოქტომბერს დაფიქსირებულ 51.63%-იან აქტივობაზე დაბალი მაჩვენებელია.
ცესკოს განცხადებით, არჩევნებმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩეველს თავისი ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება ჰქონდა. ცესკო წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას შემაჯამებელი ოქმების მიღებისთანავე გეგმავს თავის ვებგვერდზე.
პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებთან ერთად, სადაც ძირითადად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებიან ერთმანეთს, ამავე პარტიების კანდიდატების მონაწილეობით აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები და ახალციხის მერისა და ზუგდიდის, ხარაგაულისა და ბოლნისის გამგებლების რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურებიც გაიმართა 30 ოქტომბერს. არჩევნებს ის კანდიდატები მოიგებენ, რომლებიც კონკურენტთან შედარებით მეტ ხმას დააგროვებენ.
მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნებისა და ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ერთმანეთს ცალკეულ უბნებთან პროვოკაციების მოწყობის მიზნით მხარდამჭერების მობილიზებაში ადანაშაულებდნენ, თუმცა რაიმე ისეთ ინციდენტს, რომელიც კენჭისყრის პროცესს ხელს შეუშლიდა, ადგილი არ ჰქონია.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელიც კენჭისყრას 50-ვე ოლქში 700-მდე დამკვირვებლის მეშვეობით ადევნებდა თვალს, განაცხადა, რომ კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა ადგილი ჰქონდა ისეთი ტიპის პროცედურული დარღვევების ერთეულ შემთხვევებს, როგორიცაა მარკირების პროცედურის დარღვევა, ხელმეორედ ხმის მიცემა ან ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, უბანზე აგიტაცია.
„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, დარღვევების უმეტესი ნაწილი კვლავაც მარნეულის 36-ე მაჟორიტარულ ოლქში ფიქსირდებოდა – ეს ოლქი პრობლემური იყო 8 ოქტომბრის არჩევნებზეც სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის გამო.
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ, რომელიც მეორე ტურს 250 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს, ასევე მიუთითა მარნეულზე, როგორც შესაძლო დაძაბულობის კერაზე, სადაც უბნების გარეთ მთელი დღის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები არიან მობილიზებულები და მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, საჭიროების შემთხვევაში, მზად იყვნენ ხმების დათვლის პროცესის მიმდინარეობისას შესაძლო ძალადობის აღსაკვეთად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)