საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასება მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურზე
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, პარლამენტის არჩევნების მეორე ტური, რომელიც 30 ოქტომბერს ჩატარდა, „კონკურენტული“ იყო და „კანდიდატებისა და ამომრჩევლების უფლებების პატივისცემით იქნა ადმინისტრირებული“.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) გრძელვადიან და მოკლევადიან დამკვირვებლებთან ერთად, მისიაში ასევე შედიოდნენ მოკლევადიანი დამკვირვებლები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან და ევროპარლამენტიდან.
„კენჭისყრის დღის პროცედურები ზოგადად მშვიდად და პროფესიონალურად იქნა განხორციელებული“, – ნათქვამია მისიის წინასწარ დასკვნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
„არჩევნებზე სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიის წარმომადგენლებმა პროცესი ზოგადად დადებითად შეაფასეს, რადგან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უკეთ მომზადებული იყვნენ და პროცედურების დაცვა გაუმჯობესებული იყო, განსაკუთრებით ხმების დათვლის პროცესში. თუმცა საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობამ, ადგილზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნამ და მათ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობაში ჩარევამ პროცესზე კვლავ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა“, – აცხადებენ საერთაშორისო დამკვირვებლები, რომელთა თქმითაც, "რამდენიმე შემთხვევაში ამომრჩეველთა შესაძლო დაშინების ფაქტები დააფიქსირეს".
მისიის ინფორმაციით, მონიტორინგს დაქვემდებარებული 63 საარჩევნო უბნიდან, 2–ის გარდა, უბნის გახსნის პროცედურები "დადებითად" იქნა შეფასებული; ასევე "დადებითად" შეფასდა კენჭისყრა საარჩევნო უბნების 97 პროცენტში; ხოლო ხმების დათვლის პროცესი, რაც 8 ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ არასახარბიელოდ შეფასდა, მთლიანობაში „გაუმჯობესებული იყო“ პირველ ტურთან შედარებით.
თუმცა მისია ასევე მიუთითებს ისეთი სახის შემჩნეულ პროცედურულ შეცდომებზე, როგორიცაა ამომრჩეველთა რაოდენობის არასწორი აღრიცხვა, გამოუყენებელი ბიულეტენების გაბათილება ხმების დათვლის დაწყებამდე, გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენების არასწორი შეფუთვა.
საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, რომლებიც ასევე აკვირდებოდნენ მეორე ტურის წინ მიმდინარე მოვლენებს, „არჩევნებში მონაწილე პირებს კამპანიის თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვებისა და ინციდენტების გარეშე ჩატარების საშუალება ჰქონდათ“.
"საარჩევნო კამპანია ნაკლებად ხმაურიანი იყო, კანდიდატები ძირითადად ამომრჩევლებთან პირდაპირ კონტაქტზე ახდენდნენ ფოკუსირებას", – ნათქვამია წინასწარ დასკვნებში.
ამასთან, მისია აცხადებს, რომ მონიტორინგს დაქვემდებარებული მაუწყებლების მიერ ძირითადი პოლიტიკური პარტიების საქმიანობის გაშუქება „უფრო დაბალანსებული იყო ვიდრე არჩევნების პირველი ტურის წინ“.
„მაშინ როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს მეორე ტურის წინ საარჩევნო დებატები არ ჩაუტარებია, რამდენიმე სხვა მაუწყებელმა მსგავსი დებატების ჩატარება სცადა, თუმცა კანდიდატებმა დებატებში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვეს“, – ნათქვამია წინასწარ დასკვნებში, „კანდიდატები და პარტიების წარმომადგენლები საკუთარ საარჩევნო პროგრამებს იშვიათად წარმოადგენდნენ, ამის მაგივრად განხილვები ძირითადად კვლავ ერთი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობას ეხებოდა“.
ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რაზეც მისია ტურებს შორის პერიოდთან მიმართებაში ამახვილებს ყურადღებას, არის ის, რომ „საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოების მიერ საარჩევნო სარჩელების გამოძიებისას და განხილვისას გამჭირვალობის პრინციპი და საჩივრების ეფექტურად დაკმაყოფილების უფლება ხშირად არ იყო უზრუნველყოფილი“.
„ამ ყველაფერმა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა შეასუსტა“, – აღნიშნავს მისია.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა ასევე მიუთითეს იმ საკანონმდებლო პრობლემაზე, რომ მეორე ტურის პროცედურები სათანადოდ არ არის დარეგულირებული, რამაც „სუბიექტური ინტერპრეტაციების და კანონის არათანმიმდევრულად გამოყენების საშუალება შექმნა“.
ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი საარჩევნო პროცესის დასრულებიდან დაახლოებით რვა კვირის განმავლობაში სრულ საბოლოო ანგარიშს გამოაქვეყნებს, პოტენციური გაუმჯობესებისთვის შეთავაზებული რეკომენდაციების ჩათვლით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)