გერმანია მაზარ-ი-შარიფში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველ სამხედროებს გამოჩენილი ‘მამაცობისთვის’ მადლობას უხდის
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მოსამსახურე ქართველ ჯარისკაცებს მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს აღმოჩენილი დახმარებისთვის.
თავდასხმა, რაზეც პასუხისმგებლობა თავის თავზე თალიბანმა აიღო, მაშინ დაიწყო, როცა თვითმკვლელი ტერორისტი მანქანით შევარდა საკონსულოს პერიმეტრზე, მომხდარ აფეთქებას კი სროლები მოყვა, რის შედეგადაც სულ ცოტა ექვსი სამოქალაქო პირი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი დაიჭრა, როგორც უცხოური მედია იტყობინება.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ შეიარაღებული თავდამსხმელები, რომლებსაც საკონსულოს თანამშრომლები უვნებლად გადაურჩნენ, საკონსულოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა და მარმალის ბაზაზე მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში განთავსებულმა სპეციალურმა ძალებმა ერთობლივად მოიგერიეს.
„განსაკუთრებით მადლიერი ვართ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების და ასევე ქართული ძალების მტკიცე მხარდაჭერის მისიიდან, რომლებიც მამაცურად, პროფესიონალურად და დაყოვნების გარეშე ჩაერთვნენ დასახმარებლად და თავდასხმა აღკვეთეს“, – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ნატოს მისიის ფარგლებში ქართველი სამხედროები მაზარ-ი-შარიფის სიახლოვეს მდებარე მარმალის გერმანულ სამხედრო ბაზაზე მსახურობენ; ისინი ასევე განთავსებული არიან ქაბულსა და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)