საპატრიარქო: ‘ბრიუსელში არასწორი ინფორმაცია ქონდათ საქართველოს ეკლესიის შესახებ და ჩვენც არასწორი წარმოდგენა გვქონდა მათ პოლიტიკაზე’
ნატოსა და ევროსტრუქტურებში გასულ კვირას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის „მაღალ დონეზე“ ჩატარებული შეხვედრების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბრიუსელში „არასწორი ინფორმაცია ქონდათ საქართველოს ეკლესიის შესახებ და ჩვენც არასწორი წარმოდგენა გვქონდა მათ პოლიტიკასთან მიმართებაში რიგ თემებთან დაკავშირებით“, აცხადებს საქართველოს საპატრიარქო.
„რაც შეეხება ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანების საკითხთან მიმართებაში საპატრიარქოს წარმომადგენელთა აზრს, მათ განაცხადეს, რომ ეს მოსახლეობის გადასაწყვეტია; ეკლესია პატივს სცემს ხალხის არჩევანს და მიიჩნევს, რომ უმთავრესია: ა) საქართველო იყოს დამოუკიდებელი; ბ) აღსდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა; გ) ქვეყნის განვითარება მოხდეს ტრადიციული ფასეულობებისა და ღირებულებების გათვალისწინებით“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ 15 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
„ამასთან, საქართველოს ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფოსთან იყოს ჩამოყალიბებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა“, – აცხადებს საპატრიარქო.
ბრიუსელში მაღალი რანგის მღვდელმსახურების ვიზიტი წინ უძროდა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორეს 18-25 ნოემბერს დაგეგმილ ვიზიტს მოსკოვში.
საპატრიარქოს განცხადებაში ევროპულ პოლიტიკაზე შექმნილი „არასწორი წარმოდგენის“ ორი მაგალითია მოყვანილი: ერთი ეხება, „ვითომცდა დასავლური პოლიტიკიდან გამომდინარე“, რელიგიის საგნის ამოღებას სასწავლო დაწესებულებებიდან და მეორე, ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, კონსტიტუციაში განსაზღვრის საკითხს – სამოქალაქო კოდექსში არსებული ამგვარი ჩანაწერის კონსტიტუციაში ატანას მმართველი პარტია ქართული ოცნება გეგმავს.
„ეს არის ევროკავშირის სტრუქტურებისთვისაც სრულიად მისაღები“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომლის თანახმადაც ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე „ცალსახად“ ითქვა, რომ ევროსტრუქტურების მხრიდან არც ოფიციალურად და არც ზეპირსიტყვიერად „არასოდეს ყოფილა მინიშნებული ერთნაირსქესიანთა ქორწინების ხელშეწყობა“.