ცესკომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა, რამაც სამართლებრივად გზა გაუხსნა პრეზიდენტს, რომ მან მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დანიშნოს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში civil.ge-ს განუცხადეს, რომ პირველი სხდომის თარიღთან დაკავშირებით მარგველაშვილს, რომელიც სიტყვით გამოსვლას გეგმავს ახლადარჩეული დეპუტატების წინაშე, ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
არჩევნების საბოლოო შედეგებით, 3 513 884 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 1 825 054-მა მიიღო.
კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 48.68% (865 638 ხმა) პარტია ქართულმა ოცნებამ-დემოკრატიულმა საქართველომ მიიღო და 77 პროპორციული მანდატიდან 44 მოიპოვა; ნაციონალურმა მოძრაობამ ხმათა 27.11%-ით (477 053 ხმა) მიიღო 27 მანდატი, ხოლო პატრიოტთა ალიანსმა 5.01%-ით (88 097 ხმა) 6 დეპუტატი შეიყვანა პარლამენტში.
73 ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარული არჩევნების პირველი და მეორე ტურების შედეგად, ქართულმა ოცნებამ 71 მაჟორიტარული მანდატი მოიპოვა – შედეგად მას საკანონმდებლო ორგანოში სულ 115 დეპუტატი ჰყავს, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას შეადგენს.
დარჩენილი ორი მაჟორიტარული მანდატი მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოიგო მთაწმინდაზე, ხოლო ხაშურში მრეწველთა კანდიდატმა გაიმარჯვა.
შემაჯამებელ ოქმში მოცემულია 150 არჩეული დეპუტატის ჩამონათვალი, რომელთა შორის ასევე ფიგურირებს ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი გიორგი კვირიკაშვილი, რომლის წარდგენასაც მმართველი პარტია ახალი მთავრობის პრემიერ-მინისტრად გეგმავს და ნაციონალური მოძრაობის სიის მეორე ნომერი, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, რომელმაც უარი თქვა სადეპუტატო მანდატზე.
არსებული პროცედურის მიხედვით, პარლამენტმა ჯერ არჩეული დეპუტატის უფლებამოსილება უნდა ცნოს და შემდეგ, მისივე მიმართვის შემთხვევაში, ცალკე კენჭისყრით შეუწყვიტოს.