პარლამენტმა ექვსი ვიცე-სპიკერი დაამტკიცა
პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევის შემდეგ, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა 18 ნოემბერს პირველ შეკრებაზე მისი ექვსი მოადგილეც აირჩია.
- პირველი მოადგილე – თამარ ჩუგოშვილი, ქართული ოცნება;
- მოადგილე – გია ვოლსკი, ქართული ოცნება;
- მოადგილე – ზვიად ძიძიგური, ქართული ოცნება;
- მოადგილე აჭარის კვოტით – ილია ნაკაშიძე, ქართული ოცნება;
- მოადგილე – სერგი კაპანაძე, ნაციონალური მოძრაობა;
- მოადგილე – ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა 120 ხმით 2-ის წინააღმდეგ თამარ ჩუგოშვილმა დაიკავა, რომელიც ქართულ ოცნებას მაისიდან შეუერთდა; 2010-2012 წლებში ის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე გახდა ადამიანის უფლებათა საკითხებში.
სპიკერატში გადაინაცვლა ასევე დეპუტატმა გია ვოლსკიმ, რომელიც წინა პარლამენტში ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციას ხელმძღვანელობდა. მის ვიცე-სპიკერად არჩევას 129 დეპუტატმა დაუჭირა მხარი 3-ის წინააღმდეგ.
ვიცე-სპიკერის პოსტი ახალ პარლამენტშიც შეინარჩუნა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, რომელიც დეპუტატი კვლავ ქართული ოცნების საარჩევნო სიით გახდა. მან 129 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო 2-ის წინააღმდეგ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კვოტა სპიკერატში ილია ნაკაშიძემ, ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა დაიკავა ქართული ოცნებიდან, რომელიც 131-მა დეპუტატმა აირჩია ვიცე-სპიკერად.
ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობიდან ვიცე-სპიკერი 94 ხმით 15-ის წინააღმდეგ სერგი კაპანაძე გახდა, რომელიც 2012 წლის ოქტომბრამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.
პატრიოტთა ალიანსიდან კი ვიცე-სპიკერის თანამდებობა ირმა ინაშვილმა დაიკავა, რომელიც ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერია. მის არჩევას 106-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 24 კი წინააღმდეგ წავიდა.