ახალმა პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია

ახალმა პარლამენტმა 18 ნოემბერს პირველ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოში არსებული 15 კომიტეტის თავმჯდომარეებად ქართული ოცნების დეპუტატები აირჩია, რომელთა უმრავლესობაც, კერძოდ კი 11 თავმჯდომარე მმართველი პარტიის ახალი წევრია. 

კომიტეტების ხელმძღვანელებად აირჩიეს:

  • იურიდიული კომიტეტი – ეკა ბესელია, რომელიც წინა პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტს ხელმძღვანელობდა;
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი – ირაკლი სესიაშვილი, რომელიც ინარჩუნებს ამ თანამდებობას;
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – სოფო ქაცარავა, საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ყოფილი თანამშრომელი;
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი – სოფო კილაძე, პოლიციის აკადემიის ყოფილი პრორექტორი;
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი – თამარ ხულორდავა, სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობაში წლების განმავლობაში მუშაობდა;
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – აკაკი ზოიძე, 2003 წლის ნოემბრამდე სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო ჯანდაცვის მიმართულებით;
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – ირაკლი კოვზანაძე, საპარტნიორო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც 2004–2008 წლების მოწვევის პარლამენტში ამავე კომიტეტს ხელმძღვანელობდა;
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – რომან კაკულია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი;
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი – მარიამ ჯაში, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც შემდეგ სოლიდარობის ფონდს ხელმძღვანელობდა;
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი – ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის მინისტრი 2014 წლის ივლისიდან 2016 წლის სექტემბრამდე;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – კახა კუჭავა, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე სამთო-მოპოვებით სექტორში საქმიანობდა;
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი – გიორგი ლილუაშვილი, 2016 წელს ის თბილისის ვიცე–მერი, მანამდე კი ბიძინა ივანიშვილის ბანკი ქართუს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო;
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი – გიორგი კახიანი, რომელიც ინარჩუნებს ამ თანამდებობას;
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი – ზვიად კვაჭანტირაძე, რომელიც წინა პარლამენტში ქართული ოცნების კოალიციურ უმრავლესობას ხელმძღვანელობდა და ასევე იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი – მიხეილ ყაველაშვილი, ყოფილი ფეხბურთელი.  

საკანონმდებლო ორგანომ ასევე განსაზღვრა კომიტეტებში პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლობის კვოტები. კერძოდ, 17 წევრიან კომიტეტებში ქართული ოცნების უმრავლესობა 11 წევრით, ნაციონალური მოძრაობის უმცირესობა 4-ით, ხოლო პატრიოტთა ალიანსი 1 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი; 15-წევრიან კომიტეტებში კი ქართულ ოცნებას 10, ნაციონალურ მოძრაობას 3 და პატრიოტთა ალიანსს 1 დეპუტატი ეყოლება. თავმჯდომარის მოადგილეებს კომიტეტის წევრები აირჩევენ.