საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გადადგა
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა თანამდებობა ვადაზე ორი წლით ადრე, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მან მიღებულ გადაწყვეტილებასთან პოლიტიკის რაიმე სახის კავშირი უარყო და განაცხადა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო.
„ამ გადმოსახედიდან ჩემი საქმე გავაკეთე და ვთვლი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირდება ახალი სისხლი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბარათაშვილმა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2018 წლის დეკემბერში ეწურებოდა.
ახალი დირექტორის შესარჩევად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო კონკურსს 10 დღის განმავლობაში გამოაცხადებს.
21 ნოემბერს საბჭომ ცნობად მიიღო ბარათაშვილის განცხადება და ახალი დირექტორის დანიშვნამდე, რასაც შესაძლოა მაქსიმუმ 50 დღე დასჭირდეს, მოვალეობის შესრულება მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციების დირექტორს თინათინ ბერძენიშვილს დააკისრა.
ბარათაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტი 2012 წლის დეკემბერში 6-წლის ვადით დაიკავა, თუმცა მას შემდეგ, სამეურვეო საბჭომ მას 2013 წლის მარტსა და აგვისტოში უნდობლობა ორჯერ გამოუცხადა, თუმცა ორივე შემთხვევაში ეს გადაწყვეტილებები სასამართლომ უკანონოდ ცნო და ის თანამდებობაზე აღადგინა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება – მისი დაფინანსება წელს 44.1 მლნ ლარს შედგენს, ხოლო მომავალი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად 47.5 მლნ ლარამდე იზრდება.