საქართველოს პატრიარქი მოსკოვს სტუმრობს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომელიც 18 ნოემბრიდან მოსკოვს სტუმრობს რუსეთის პატრიარქის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პატრიარქ კირილს მიმართა, რომ „მართალია, ჩვენ არა ვართ პოლიტიკოსები“, მაგრამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირების კუთხით „გავლენის მოხდენა მეტ-ნაკლებად შესაძლებელია“.

„რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირება ორივე ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანია; ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს“, – განაცხადა 21 ნოემბერს ილია მეორემ, საქართველოს საპატრიარქოს თანახმად. 

„ვფიქრობ, საქართველო უნდა იყოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მშვიდობიანი თანამშრომლობის ადგილი, ადგილი კეთილმეზობლობისა. დაპირისპირება კი ძალიან საშიშია და შეიძლება გლობალურ კონფლიქტში გადაიზარდოს“, – აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა. 

„მართალია, ჩვენ არა ვართ პოლიტიკოსები და არ ძალგვიძს ამ სფეროში სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ, ღვთის შეწევნით, პროცესებზე გავლენის მოხდენა მეტ-ნაკლებად შესაძლებელია“, – მიმართა მან რუსეთის პატრიარქს, „თქვენს მწყემსმთავრულ სიტყვას ყურს უგდებენ მილიონობით ადამიანები, როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც ეხმარება მათ ცხოვრების სწორი ორიენტირის პოვნაში“.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ილიამ მეორემ რუსეთის პატრიარქის წინაშე ასევე დააყენა ცხინვალისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის „პრობლემა“.

„ჩვენ ვაფასებთ რუსეთის ეკლესიის პოზიციას, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ აღიარებს ამ რეგიონებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას“, – განაცხადა ილია მეორემ და დასძინა, რომ ამ საკითხს საუბარი შეეხო 19 ნოემბერს რუსეთის პატრიარქთან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის პირველი შეხვედრის დროსაც.

რუსეთის საპატრიარქოს ინფორმაციით, 19 ნოემბერს პატრიარქმა კირილმა ილია მეორეს განუცხადა, რომ ის „დიდ მნიშვნელობას“ ანიჭებს მის ვიზიტს  და „რუსული და ქართული ეკლესიების როლს ჩვენს ერებს შორის თბილი ურთიერთობების შენარჩუნებაში“.

„თქვენი ცხოვრება მჭიდროდ უკავშირდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებას“, – მიმართა მან საქართველოს პატრიარქს, „ჩემი ბიოგრაფია დაკავშირებულია თქვენს ბიოგრაფიასთან: ჩვენ ბევრი მოვლენის მონაწილე ვიყავით როგორც სასიხარულოს, ისე სამწუხაროს, რომლებიც მაშინ საბჭოთა კავშირში მცხოვრები მართლმადიდებელი ადამიანების ცხოვრებაში ხდებოდა.  უფრო მოგვიანებითაც ჩვენს შორის ურთიერთობები ყოველთვის იყო კეთილი, გულწრფელი, სანდო და ღია. ვფიქრობ, ამან ბევრ რამეზე იქონია გავლენა, მათ შორის იმაზეც, რომ ჩვენს ეკლესიებს შორის კეთილი კავშირები არსებობს“.

„ჩვენი ეკლესიები მაგალითს აძლევენ პოლიტიკოსებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ილია მეორემ იმავე შეხვედრაზე.

„სასურველია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები დღევანდელზე უკეთესი იყოს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ ურთიერთობები ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის. ვფიქრობ ჩვენ ეს გამოგვივა. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით და ჩვენს ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ“, – აღნიშნა მან, რუსეთის საპატრიარქოს თანახმად. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 20 ნოემბერს მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების სხვა მიწვეულ მეთაურებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ერთობლივ წირვაში, რომელიც რუსეთის პატრიარქის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. 23 ნოემბერს ილია მეორე მოსკოვში მცხოვრები ქართული დიასპორისთვის გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას აღავლენს.

როგორც საქართველოს საპატრიარქოში ორშაბათს civil.ge-ს განუცხადეს, ვიზიტის ფარგლებში ჯერ-ჯერობით რუსეთის პოლიტიკურ ლიდერებთან რაიმე შეხვედრა არ დაგეგმილა.

საქართველოს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მოსკოვში სტუმრობას 25 ნოემბერს დაასრულებს. ეს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მისი მეხუთე ვიზიტია რუსეთში 2008 წლის დეკემბერში, 2011 წლის ნოემბერში, 2013 წლის იანვარსა და ივლისში განხორციელებული ვიზიტების შემდეგ, რომელთა ფარგლებშიც, ილია მეორემ რუსეთის მაშინდელ და ახლანდელ პრეზიდენტებთან, შესაბამისად, დიმიტრი მედვედევთან და ვლადიმერ პუტინთან გამართა შეხვედრები.