წინა მოწვევის პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა სავარაუდოდ აღარ გაგრძელდება

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა  28 ნოემბერს მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, წინა მოწვევის პარლამენტში კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების განხილვა აღარ გაგრძელდება.

„რადგან იქმნება კონსტიტუციის ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფი, რაც გაცხადდა, ყველა ის ცვლილება, რომელიც იყო ინიცირებული აქამდე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, განხილული უნდა იყოს ახალ სამუშაო ჯგუფში, რომელიც შეიქმნება“, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ქართული ოცნებიდან ეკა ბესელიამ. 

„ამიტომ ფრაგმენტულად აღარ ვიხილავთ ამ საკითხებს“, – დასძინა მან.

ამ საკონსტიტუციო კანონპროექტებს შორისაა ქორწინების, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირის განსაზღვრის შესახებ ცვლილებები, საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმების თაობაზე ორი კანონპროექტი – ერთი ქართული ოცნების მიერ, ხოლო მეორე ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით 200 ათასი ამომრჩევლის მიერ ინიცირებული; და ასევე ცვლილება პარლამენტის ადგილსამყოფელის ქუთაისის ნაცვლად, თბილისში განსაზღვრის შესახებ.

ჯერ კიდევ არჩევნების დასრულებამდე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის ქართული ოცნებაც 116-წევრიან საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს პარლამენტში, ოქტომბრის ბოლოს განაცხადა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის განსახორციელებლად სპეციალური ჯგუფი შეიქმნება ფართო მონაწილეობით, რომელიც დაახლოებით ერთწლიანი მუშაობის შედეგად მოამზადებს ცვლილებებს კონსტიტუციაში. მან განაცხადა, რომ ეს ჯგუფი, სხვა საკითხებთან ერთად, იმსჯელებს როგორც საარჩევნო სისტემის საკითხზე, ისე ქორწინების განსაზღვრის დებულებებზე. მან ასევე განაცხადა, რომ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. 

საბოლოო გადაწყვეტილებას წინა მოწვევის პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების განხილვის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე პარლამენტი დადგენილებით მიიღებს. ის კანონპროექტები კი, რომლებიც იმ ნუსხაში ვერ მოხვდებიან, რომელთა განხილვის გაგრძელებასაც პარლამენტი გადაწყვეტს, პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება. 

ერთ-ერთი კანონპროექტი, რომლის განხილვის გაგრძელებასაც, დღეს საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ის ცვლილებებია, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის წესის დარღვევისთვის დაწესებული სანქციის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს.

ეს ცვლილებები, რომელსაც მიესალმა ვენეციის კომისია, რომლის რეკომენდაციების გათვალისწინებით მისი მიღებისკენ ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წარმომადგენლობა, წინა პარლამენტმა პირველი მოსმენით 2013 წლის მაისში მიიღო, თუმცა შემდეგ ეს პროექტი შეჩერდა. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა, რომლებიც ამ პროექტის წინააღმდეგ წინა პარლამენტშიც გამოდიოდნენ, განაცხადეს, რომ ამჯერადაც „მაქსიმალურად ხელს შეუშლიან“, დეპუტატ გიგა ბოკერიას შეფასებით, „ამ საზიანო და მავნებლურ პროექტს“.