საკონსტიტუციო ცვლილებებზე ინიცირებული პროექტები პარლამენტიდან გათხოვილად ითვლება
წინა მოწვევის პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტები არცერთ იმ ნუსხაში არ მოხვდა, რომელთა განხილვების გაგრძელების მიზანშეწონილობასა და ასევე მიზანშეუწონლობაზე მეცხრე მოწვევის პარლამენტმა 30 ნოემბერს ორი შესაბამისი დადგენილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროექტების განხილვის პროცედურა აღარ გაგრძელდება.
ამდენად, რეგლამენტით გათვალისწინებული წესის მიხედვით, პარლამენტიდან გათხოვილად ითვლება კონსტიტუციური კანონპროექტი ქორწინების როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირის განსაზღვრის შესახებ, საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმების თაობაზე ორი კანონპროექტი – ერთი ქართული ოცნების მიერ, ხოლო მეორე ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით 200 ათასი ამომრჩევლის მიერ ინიცირებული; და ასევე ცვლილება პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის თაობაზე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ 30 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე გაიმეორა, რომ „ყველა ის კანონპროექტი, რომელიც ეხება კონსტიტუციაში შესაძლო ცვლილებას, შევჯერდით, რომ გადავიტანოთ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის კომისიაში“, რომლის შექმნასაც ქართული ოცნება, რომელსაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, კონსტიტუციაში რეფორმის გატარების მიზნით გეგმავს.
იმ 32 კანონპროექტსა და საკანონმდებლო პაკეტს შორის, რომლის განხილვის გაგრძელებაც პარლამენტმა მიღებული დადგენილებით მიზანშეწონილად მიიჩნია, არის სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის სახელით ცნობილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მესამე მოსმენით მიღება წინა მოწვევის პარლამენტში შეჩერდა; ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში 2013 წლის მაისიდან შეჩერებული ის ცვლილებები, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის წესის დარღვევისთვის დაწესებული სანქციის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს და რასაც ნაციონალური მოძრაობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება; და ასევე საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული პაკეტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის აკრძალვას და მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ცვლილებას ითვალისწინებს.