საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა განსახილველად,  2017 წლის 1 იანვრიდან თამბაქოზე, მსუბუქ ავტომობილებზე, ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდას, ტოტალიზატორების მოსაკრებლის გაორმაგებას და ქონების გადასახადის გადამხდელთა საკუთრებაში მყოფ მსუბუქ ავტომობილზე წლიური გადასახადის შემოღებას ითვალისწინებს.

მთავრობა, ამ ცვლილებების შედეგად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის დაახლოებით 518 მლნ ლარით გაზრდას ელის, რაც იმ დანაკლისის კომპენსირებას მოახდენს, რაც ბიუჯეტს მოგების გადასახადის ახალი მოდელის მომავალი წლიდან ამოქმედების შედეგად ექნება.

კანონპროექტის მიხედვით, 1 ტონა ბენზინზე აქციზის განაკვეთი 250 ლარიდან 500 ლარამდე იზრდება, 1 ტონა დიზელზე – 150 ლარიდან 400 ლარამდე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ 1000 მ3 ბუნებრივ აირზე 80-დან 200 ლარამდე, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზეთებზე 400-დან 800 ლარამდე – ყველაფერი ეს კი, მთავრობის გათვლებით,  250  მლნ ლარით მეტი შემოსავალი იქნება ბიუჯეტში.

აქციზის გადასახადი თითქმის ყველა ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე იზრდება. საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებში, გამონაკლისია მხოლოდ 4 წლის ავტომანქანა, რომლის იმპორტსა და რეგისტრაციაზე ძრავის მოცულობის თითოეული კუბური სანტიმეტრის მიხედვით განაკვეთი კვლავ 1.2 ლარი რჩება და 5 წლის ავტომობილი, რომლის განაკვეთიც ერთი პუნქტით 1 ლარამდე იკლებს. ამ ცვლილებისაგან მთავრობა ბიუჯეტში დამატებით 45 მლნ ლარს ელის. ახალი განაკვეთები, კანონპროექტის თანახმად, არ შეეხება იმ ავტომობილებს, რომელთა ტრანსპორტირებაც დაწყებულია არაუგვიანეს 2016 წლის 1 დეკემბრისა.

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, აქციზის გადასახადი ერთ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე 60 თეთრით გაიზრდება და 1.7 ლარს მიაღწევს, ხოლო უფილტრო სიგარეტზე 30 თეთრით მოიმატებს 0.6 ლარამდე. ამ და თამბაქოს სხვა ნაწარმზე აქციზის დაგეგმილი ზრდით, დაახლოებით, 190-200  მლნ ლარის დამატებითი შემოსავლების მობილიზებაა ბიუჯეტში მოსალოდნელი.

კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე ახალი გადასახადის დაწესებას იმ ფიზიკური პირებისთვის, რომელთა ოჯახის წლიური შემოსავალიც 40 000 ლარზე მეტია. ასეთი პირები ვალდებული გახდებიან, რომ გადაიხადონ ქონების გადასახადი მათ საკუთრებაში მყოფ მსუბუქ ავტომობილზე.

ამ შემთხვევაში ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია ავტომობილის ასაკის მიხედვით: 1-წლამდე – 500 ლარი; 1-დან-5 წლამდე – 240 ლარი; 5-დან -10 წლამდე – 120 ლარი; და 10 წლის ზემოთ – 60 ლარი. ავტომანქანების ქონების გადასახადით დაბეგვრის შედეგად ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, სავარაუდოდ, 3 მლნ ლარით გაიზრდება. 

კანონპროექტის მიხედვით, გაორმაგდება ტოტალიზატორებზე არსებული მოსაკრებელი – კერძოდ, საშემოსავლო/მოგების გადასახადის 5%-იანი განაკვეთის 10%-ამდე გაზრდით, მთავრობა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის დაახლოებით 30 მლნ ლარით გაზრდას ვარაუდობს.

ამასთან, ცალკე კანონპროექტით გათვალისწინებულია სათამაშო ბიზნესზე დაწესებული განაკვეთების გაზრდაც  – თუ სამორინეს მაგიდაზე მოსაკრებელი ამჟამად კვარტალში არის 15 000-დან 30 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სათამაშო აპარატზე 1 500-დან 3 000 ლარის ჩათვლით, ცვლილების შედეგად, ეს განაკვეთები, შესაბამისად, 20 000-დან 40 000 ლარამდე და 2 000-დან 4 000 ლარამდე გაიზრდება. ასევე, თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე მოსაკრებლის განაკვეთი დღეის მდგომარეობით არის 30 000 ლარიდან 60 000 ლარის ჩათვლით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შესახებ კანონში ცვლილებების თანახმად, ის განისაზღვრება 100 000-დან 120 000 ლარის ჩათვლით. ამ სეგემენტიდან დამატებით 20 მლნ ლარის მობილიზებაა მოსალოდნელი, მთავრობის გათვლებით, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში.  

გადასახადების გაზრდის გეგმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 29 ნოემბერს გამოაცხადა, რასაც მაშინვე მოყვა კრიტიკა ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ეკონომისტების მხრიდან, როგორც ნაბიჯის, რომელიც ცხოვრების გაძვირებისკენ არის გადადგმული.

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ამ ცვლილებებზე პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პარალელურად იმსჯელებს.