პუტინი სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს შეხვდა მოსკოვში
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 1 დეკემბერს კრემლში სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს რაულ ხაჯიმბას უმასპინძლა და რეგიონში შიდა პოლიტიკური სტაბილურობის საჭიროებაზე გააფრთხილა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ აფხაზეთში არცთუ მარტივი შიდაპოლიტიკური მოვლენები ხდება, თუმცა იმთავითვე უნდა ვთქვა, რომ ნებისმიერი საზოგადოებისთვის, ნებისმიერი ქვეყნისთვის ეს ნორმალური მოვლენაა. მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია კონტროლქვეშ იქნება, სამართლებრივი ჩარჩოდან არ გამოვა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, საკმაოდ რთული იქნება ჩვენი ეკონომიკური ურთიერთქმედების გეგმების განხორციელება“, – განაცხადა პუტინმა შეხვედრის ღია ნაწილში.
მისი თქმით, რუსეთს, დაახლოებით, 9 მლრდ რუბლის (დაახლოებით 140 მლნ აშშ დოლარის) ღირებულების საინვესტიციო გეგმა აქვს სეპარატისტული აფხაზეთის მიმართულებით, თუმცა ეს საკითხები ორივე მხრიდან „გულდასმითაა დასამუშავებელი“, რათა „რეალისტური“ იყოს და „ყველა ეს თანხა რეალურ საქმეებს მოხმარდეს: გზების ხარისხის გაუმჯობესებას, სკოლებში, საავადმყოფოებში სიტუაციის გაუმჯობესებას, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას“.
მოსკოვში რაულ ხაჯიმბას სამუშაო ვიზიტამდე ერთი დღით ადრე აფხაზურმა ოპოზიციურმა პარტიამ „ამცახარამ“ 24 საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან და პოლიტიკურ პარტიასთან ერთად 30 ნოემბერს გამართულ შეკრებაზე რეგიონის ლიდერს გადადგომისკენ და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა, რისთვისაც 15 დეკემბრამდე განუსაზღვრა ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში სახალხო შეკრების მოწყობა დააანონსა. ხაჯიმბას მხარდამჭერმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ ვითარების შესაძლო დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება, რომელიც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე რეფერენდუმს გაზაფხულზეც ითხოვდა, თუმცა როცა ივნისში ხაჯიმბამ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა, მას ოპოზიციამ საპროტესტო გამოსვლების ფონზე ბოიკოტი გამოუცხადა და რეფერენდუმი დაბალი აქტივობის გამო ჩაშლილად გამოცხადდა.
„რა თქმა უნდა, როდესაც რაღაც შიდა რყევები ხდება, იქ უკვე გზებისთვის, საავადმყოფოებისთვის, სკოლებისთვის აღარ სცალიათ“, – მიმართა პუტინმა ხაჯიმბას, რომელსაც თავისი უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა 2019 წელს ეწურება
მისი თქმით, სეპარატისტულ აფხაზეთთან ურთიერთობები „მართლაც, რომ უნიკალურ ძმურ ხასიათს ატარებს“ და „ბოლო დროს ბევრი რამ გაკეთდა აფხაზეთის გასაძლიერებლად“.
„ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, გვაქვს საბაზო შეთანხმება მეგობრობასა და ურთიერთდახმარებაზე და ასევე ცალკეული შეთანხმებები, რომლებიც სამხედრო შემადგენელს უკავშირდება“, – განაცხადა პუტინმა და ხაზი გაუსვა ერთობლივი სამხედრო დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმების ასამოქმედებლად შიდა პროცედურების დასრულების ფაქტს.
ხაჯიმბამ მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს მიმდინარე წელს მასთან გამართული უკვე მეორე შეხვედრისათვის, რაც "ჩვენი ურთიერთობების ხასიათზე მეტყველებს“.
ის მიესალმა რუსეთთან სახელშეკრულებო ბაზის განვითარებას, რომლის ფარგლებშიც „განხორციელდება ის გეგმები, რომლებსაც საფუძველი ჩავუყარეთ“, მათ შორის თავდაცვის, სასაზღვრო თანამშრომლობისა და ეკონომიკური საკითხების მიმართულებით.
„არსებობს კითხვები, რომლებიც დაკავშირებულია თვითონ აფხაზეთის საქმიანობასთან იმ დახმარების ჭრილში, რომელსაც რუსეთი გვიწევს“, – განაცხადა ხაჯიმბამ და კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება „იმ დახმარების გამო, რომელსაც აფხაზეთს უწევთ ყველაზე რთულ პერიოდში“.