პრეზიდენტი მარგველაშვილი პარიზს სტუმრობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს სტუმრობს, სადაც 7-9 დეკემბერს „პარტნიორობა ღია მმართველობის მეოთხე გლობალური სამიტის" მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

სამიტს, რომელშიც 70 ქვეყნის 3 000 წარმომადგენელი გამჭვირვალობის, სამოქალაქო ჩართულობისა და დემოკრატიული ინოვაციების გამოწვევებზე სემინარებისა და პანელური დისკუსიების ფორმატში იმსჯელებს, საქართველოდან ასევე ესწრება საპარლამენტო დელეგაცია ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა „ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამიტზე“. 2017 წლიდან საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და მომდევნო სამიტს თბილისი უმასპინძლებს.

სამიტის ფარგლებში პრეზიდენტი მარგველაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გეგმავს, მათ შორის საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან კლოდ ბარტოლონესთან.