თბილისი მიესალმა შეჩერების მექანიზმზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროკავშირის სტრუქტურების მიერ შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მქონე მესამე ქვეყნებისთვის ე.წ. შეჩერების მექანიზმზე მიღწეულ „მნიშვნელოვან“ შეთანხმებას, რაც „პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხს“ და ამ მიმართულებით ევროკავშირის "ნებას" ადასტურებს.

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) 8 დეკემბერს დაამტკიცა შეჩერების სწრაფი მექანიზმი, რომელსაც ევროპარლამენტი პლენარულ სხდომაზე სავარაუდოდ, მომავალ კვირას უყრის კენჭს და რაც ასევე გზას გაუხსნის საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის საბოლოო გადაწყვეტას.

„საქართველო უკვე ძალიან ახლოსაა საბოლოო მიზანთან და მოკლე დროში საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით, რაც პირველი ყველაზე ხელშესახები შედეგი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

8 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში, სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ  „შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი ქმნის საფუძველს იმისათვის, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომი საკანონმდებლო პროცედურები შეუფერხებლად გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში დასრულდება“.

„შემდგომი პროცედურის თანახმად, საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე შესაბამისი რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტის შეთანხმების მიზნით სამმხრივი კონსულტაციები გაიმართება მომდევნო კვირაში, რის შემდეგაც საქართველოს საკითხს კენჭი ეყრება ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, ხოლო საბოლოოდ კი რეგულაცია ფორმალურად დამტკიცდება ევროკავშირის საბჭოს მიერ. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოსთან ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული ცვლილების ძალაში შესვლასთან ერთად“, – განმარტავს საქართველოს საგარეო უწყება.

შეჩერების მექანიზმზე უთანხმოების მოგვარებას მიესალმა ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, რომელმაც 8 დეკემბერს თავის twitter-ზე ქართულადაც დაწერა: „შედეგი თითქმის მიღწეულია. შეჩერების მექანიზმის განხილვა დასრულდა. ახლა უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლისთვის ბოლო ნაბიჯების ჯერია".

ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა twitter-ზე დაწერა: „მოხარული ვარ, რომ ჩვენ დაუღალავ შრომას შედეგი მოყვა! ახლა ევროკავშირმა დაუყონებლივ უნდა მიანიჭოს კარგად დამსახურებული უვიზო მიმოსვლა უკრაინის და საქართველოს მოქალაქეებს“.