კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით სახელმწიფო კომისია შეიქმნა

  • კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი შეცვლის კომისიის ბოიკოტირების გადაწყვეტილებას.

პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნას 96 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს 2017 წლის 30 აპრილამდე მოამზადებს.

კობახიძემ 15 დეკემბერს დადგენილების პროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ კონსტიტუცია „ფუნდამენტურ გადახედვას“ საჭიროებს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი სავარაუდოდ არ იქნება კონსტიტუციის „სრულიად ახალი რედაქცია“.

„ჩვენ გვინდა დავხვეწოთ კონსტიტუცია და ვაჩვენოთ ყველას, რომ არანაირ საფრთხეს არ შეიცავს საკონსტიტუციო უმრავლესობა არსებული სახით და არსებული საპარლამენტო უმრავლესობა მოქმედებს პოზიტიური პოლიტიკური ნებით – ჩვენ გვინდა ეს დავამტკიცოთ“, – განაცხადა მან ოპონენტების იმ შეშფოთების საპასუხოდ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნისთვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს.

მან ასევე განაცხადა, რომ კომისიისთვის განსაზღვრული 4-თვიანი ვადა არის „სრულიად რაციონალური“ დრო კანონპროექტის მოსამზადებლად, მაგრამ „თუ ჩვენ დავინახეთ, რომ 30 აპრილამდე კომისია ვერ დებს პროდუქტს, შესაძლებელი იქნება კომისიის ვადის გაგრძელება“.

„დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს სივრცე სრული კონსენსუსისთვის და აქეთკენ იქნება მიმართული კომისიის მუშაობა“, – განაცხადა კობახიძემ.

კომისიის დებულების თანახმად, კომისია, რომლის პერსონალურ შემადგენლობასაც მისი თავმჯდომარე დაამტკიცებს და მასში, კობახიძის თქმით, სავარაუდოდ, 60-65 წევრი შევა, გადაწყვეტილების მიღების უნარიანი იქნება, თუ მას სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი ესწრება; გადაწყვეტილებები ასევე სრული შემადგენლობის უმრავლესობით იქნება მიღებული – ეს წესი დებულების თავდაპირველ პროექტში არ იყო და განხილვების შედეგად აისახა.

კომისია, დაახლოებით, 15-20 წევრიანი 4 სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარმართავს მუშაობას შემდეგი მიმართულებებით: ადამიანის უფლებების, სასამართლო ხელისუფლების, კონსტიტუციის პრეამბულის, კონსტიტუციის ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხებზე; პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და კონსტიტუციის გადასინჯვის; პრეზიდენტის, მთავრობის და თავდაცვის საკითხებსა; და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე.

კომისიის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საპარლამენტო პარტიებიდან შევლენ ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის 23 წევრი, ნაციონალური მოძრაობის 8 დეპუტატი და პატრიოტთა ალიანსის 2 დეპუტატი.

ასევე კომისიაში იმ პარტიების და იმ ბლოკების პირველი ნომერი პარტიების თითო წარმომადგენელიც შევა, რომელთაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, მაგრამ მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 3% მაინც. ამდენად,  არასაპარლამენტო პარტიებს  – „თავისუფალი დემოკრატები“; ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა, პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის და ლეიბორისტული პარტია – კომისიაში სულ 4 წევრი ეყოლებათ.

კომისიაში ექპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლეთა რაოდენობას პარლამენტის თავმჯდომარე განსაზღვრავს, როგორც თავად თქვა, მათთან დაგეგმილი კონსულტაციების შედეგად.

რაც შეეხება სახელმწიფო ორგანოებს, კომისიის დებულების საბოლოო ტექსტის მიხედვით, მასში პრეზიდენტის სამი წარმომადგენელი: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მისი საპარლამენტო მდივანი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი შევლენ; ასევე მთავრობის ორი წარმომადგენელი – იუსტიციის მინისტრი და მთავრობის საპარლამენტო მდივანი; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები; სახალხო დამცველი; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კომისიის ფორმატის ბოიკოტირების განცხადება გააკეთა, 15 დეკემბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმაც განაცხადა, რომ არც ის მიიღებს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესაბამისად კომისიის მუშაობაში მონაწილეობას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბოიკოტის მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა პრეზიდენტ მარგველაშვილის შეთავაზება კომისია მისი, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეობით შექმნილიყო და კომისიის მიმართ „ნდობა და ლეგიტიმაცია“ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, როცა საბოლოო არჩევანი საპარლამენტო ფორმატზე გაკეთდა. 

„უმაღლესი ლეგიტიმაციით სარგებლობს ის ფორმატი, რომელიც ჩვენ მიერ არის შემოთავაზებული და ის ვერანაირ შემთხვევაში ვერ დატოვებს კითხვის ნიშნებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ 15 დეკემბერს პლენარულ სხდომაზე საუბრისას. 

მისი თქმით, არსებულ ფორმატზე იმის გამო გაკეთდა არჩევანი, რომ პარლამენტს აქვს კონსტიტუციური ცვლილების ინიცირების უფლება და არა პრეზიდენტს.  

მან განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში გამართავს კონსულტაციებს პრეზიდენტ მარგველაშვილთან, რათა მისი წარმომადგენლები ჩაერთონ კომისიის მუშაობაში.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან დაფიქსირდა უარი კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე, თუმცა ჩვენ დიდი იმედი გვაქვს კვლავაც, რომ  პრეზიდენტი შეცვლის ამ გადაწყვეტილებას და უზრუნველყოფილი იქნება მათი ჩართულობა“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ  პრეზიდენტთან „კინკლაობის ან დაპირისპირების“ არანაირი სურვილი არ აქვს.

კომისია, კობახიძის განცხადებით, მუშაობას წლის ბოლომდე შეუდგება და მას შემდეგ, რაც 4 თვის თავზე კანონპროექტს მოამზადებს, შემდეგ მოხდება მისი ინიცირება და საერთო-სახალხო განხილვის დაწყება – ბოიკოტის მიუხედავად, ამ პროცესში ჩართულობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მზადყოფნა გამოთქვა.

კობახიძის განცხადებით, ინიცირებასთან ერთად პროექტი დაუყოვნებლივ გაეგზავნება ვენეციის კომისიას ექსპერტიზისთვის. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა „ძალიან ამბიციური განაცხადი“, რომ საქართველოს პარლამენტი არცერთ იმ ნორმას არ მიიღებს, რომელსაც ვენეციის კომისია „სამართლებრივად ნეგატიურად“ შეაფასებს.

„ვენეციის კომისიას ექნება საკმაო დრო, რომ თავის დასკვნა ჯერ კიდევ საპარლამენტო განხილვებამდე გამოგვიგზავნოს და ეს დასკვნა მთლიანად იქნება ასახული საპარლამენტო მოსმენების დროს საბოლოო დოკუმენტში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი გათვლებით, კონსტიტუციის გადასიჯვის მთლიან პროცესს ერთი წელი მაინც დასჭირდება, რადგან მომზადებისა და ინიცირების შემდეგ, კანონპროექტის განხილვა და სამი მოსმენით 113 ხმით მისი მიღება ორი  – საგაზაფხულო და საშემოდგომო – სესიის ფარგლებში უნდა მოხდეს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)