ენერგეტიკის მინისტრი „გაზპრომ–ექსპორტთან“ მოლაპარაკებების შესახებ

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ კომპანია „გაზპრომ–ექსპორტის“ წარმომადგენლებთან  13 დეკემბერს ვენაში გამართული შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.  

მინისტრის განცხადებით, „გაზპრომის“ წარმომადგენლებმა, შარშანდელის მსგავსად, წელსაც მოითხოვეს რუსეთიდან სომხეთში საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტიდან მისაღები გაზის ნაცვლად, ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლა, რაც ქართული მხარისთვის კვლავაც „მიუღებელია“. 

გასულ წელს შემოთავაზებული ასეთივე პირობები საქართველომ არ მიიღო და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ აპრილში გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, საქართველო გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს იტოვებს.

„ყოველწლიურად ხდება იმ ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც უკვე წლებია არსებობს – ეს არის ტრანზიტის ხელშეკრულება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა ხუთშაბათს, "კონკრეტულად შეხვედრის შინაარსს რაც შეეხება, მათი მხრიდან იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გადავიდეთ ფინანსურ ანაზღაურებაზე. გატარების საფასურს დღეს ჩვენ ბუნებრივი აირის სახით ვიღებთ  – მთლიანი მოცულობის 10%–ს. თუმცა ჩვენთვის მათი წინადადება მიუღებელია, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები". 

ენერგეტიკის სამინისტრო იმაზე მეტ ინფორმაციას არ გასცემს, ვიდრე ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან თავის კომენტარში ისაუბრა და არც იმ შეხვედრის შინაარსზე საუბრობს, რომელიც კალაძემ „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობასთან 14 დეკემბერს მინსკში გამართა.