ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმი დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 15 დეკემბერს დაამტკიცა მესამე ქვეყნებისთვის ევროკავშირის მიერ მინიჭებული უვიზო რეჟიმის ე.წ. შეჩერების განახლებული მექანიზმი, რომლის ამოქმედებაც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს.

ევროპარლამენტის თანახმად, შეჩერების მექანიზმი ასევე საჭიროებს ფორმალურ დამტკიცებას ევროკავშირის საბჭოს მიერ.

„ის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღეში შევა ძალაში“, – ნათქვამია ევროპარლამენტის პრესრელიზში.

9-თვიანი შეჩერების მექანიზმს, მისი შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით, ევროკავშირი „შესაბამისი და ობიექტური მონაცემების“ საფუძველზე იმ შემთხვევაში აამოქმედებს, თუ მესამე ქვეყნებიდან გაიზრდება არალეგალების რაოდენობა, თავშესაფრის თაობაზე დაუსაბუთებელი განაცხადები, ქვეყანა არ უზრუნველყოფს ევროკავშირში არალეგალურად მყოფი მისი მოქალაქეების დაბრუნებას ან ეს მოქალაქეები პრობლემებს შეუქმნიან შიდა უსაფრთხოებას.

15 დეკემბერს გამართულ კენჭისყრაზე ახალ რეგულაციას 485-მა ევროპარლამენტმა მისცა ხმა, 132 წინააღმდეგი იყო, ხოლო 21-მა თავი შეიკავა.

გადაწყვეტილების მიღების შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელმა აგუსტინ დიაზ დე მერამ განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, რომ შეჩერების მექანიზმის დამტკიცების შემდეგ, საბჭო ითანამშრომლებს, რათა უზრუნველყოს, რომ წინადადებები საქართველოს და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე დაუბრკოლებლად განხორციელდეს, იმ ვითარებაში, როდესაც ორივე ქვეყანამ დააკმაყოფილა ყველა საჭირო კრიტერიუმი“.

ევროკავშირის სტრუქტურები 13 დეკემბერს შეთანხმდნენ, რომ  საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი ე.წ. შეჩერების მექანიზმთან ერთად ამოქმედდება. ამ შეთანხმებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის (COREPER) და ევროპარლამენტის  სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტის (LIBE) დამტკიცება ესაჭიროება, რაც სავარაუდოდ, იანვარში მოხდება და რასაც შემდგომ, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის კენჭისყრა მოყვება.