წინასწარი მონაცემებით, მესამე კვარტალში მშპ 2.3%-ით გაიზარდა
"საქსტატის" მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2016 წლის მესამე კვარტალში მთლიანის შიდა პროდუქტი 2.3%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
წინასაარჩევნო პერიოდში ეკონომიკის ზრდის ეს ტემპი, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, პირველ კვარტალში 2.7%-იან და მეორე კვარტალში 3%-იან ზრდას მოყვა.
2016 წლის პირველი ათი თვის მონაცემებით მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.5% შეადგინა.
2016 წლის ბიუჯეტში წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, რომლის დამტკიცებასაც პარლამენტი მიმდინარე კვირას რიგგარეშე სესიის ფარგლებში გეგმავს, მშპ-ს ზრდის 3%-იანი პროგნოზი 2.7%-მდეა შემცირებული, რაც 2015 წლის დაზუსტებულ მონაცემზე ნაკლებია – შარშან საქართველოს ეკონომიკა 2.9%–ით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი ზრდა იყო.
2017 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის თანახმად, მთავრობა მომავლ წელს 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)