თბილისი სირიაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით კონსულტაციებს მართავს

საქართველოს ხელისუფლება კონსულტაციების პროცესში იმყოფება გაეროსთან, რათა ქვეყანამ თავისი წვლილი შეიტანოს კონფლიქტით დაზარალებული სირიელების ჰუმანიტარულ დახმარებაში, განაცხადეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

„გაეროსთან გვექნება შეხვედრები და ბუნებრივია, დაიგეგმება იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც საქართველოს აქვს, თუ როგორ მოხდეს ამ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება“, – განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ორშაბათს ჟურნალისტებს.

მანამდე, 17 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახსენა ალეპოში შექმნილი სიტუაცია და განაცხადა: „ჩვენ ვცდილობთ გაეროს ოფისის მეშვეობით მივაწვდინოთ რამენაირად, რაიმე არხის მეშვეობით ჰუმანიტარული დახმარება იქ ძალიან დიდ განსაცდელში მყოფ ბავშვებს“.

გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს უკავია „გარკვეული“ და „თანმიმდევრული“ პოზიცია, რაც „სირიის კონფლიქტში ჰუმანიტარული ასპექტის მუდმივ მხარდაჭერას“ გულისხმობს.

„თუ რა ფორმით იქნება ეს დახმარება აღმოჩენილი, ეს არის დამოკიდებული ძალიან ბევრ დეტალზე, სადაც ჩვენ უკვე ვერაფერს ვერ ვიზამთ იმიტომ, რომ ამას ყველაფერს განსაზღვრავს ადგილზე არსებული მართლაც უმძიმესი ვითარება“, – განუცხადა ნიუ-იორკიდან ელჩმა 18 დეკემბერს ტელეკომპანია „იმედს“.

სირიის ქალაქ ალეპოში ჰუმანიტარული ვითარება ბოლო დღეებში მას შემდეგ დამძიმდა, რაც შეიარაღებული შეტევის შედეგად სირიის ოპოზიციონერი მეამბოხეები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის სამთავრობო ძალებმა დაამარცხეს და ქალაქზე კონტროლი დაამყარეს.
 
ოპოზიციურ პარტიებს შორის რესპუბლიკური პარტია პირველი იყო, რომელმაც 17 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს მომხდარის შეფასებისკენ, „სირიის სისხლიან კონფლიქტში“ რუსეთის მონაწილეობის დაგმობისკენ და „უმწეო მდგომარეობაში აღმოჩენილი ბავშვების“ დახმარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა. 

ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ „ალეპოში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“ მომზადებული პარლამენტის განცხადების პროექტი 19 დეკემბერს ოფიციალურად წარადგინა და იმავე დღეს ბიუროს სხდომაზე მისი დღის წესრიგში ჩასმა მიმდინარე კვირის რიგგარეშე სესიის ფარგლებში მოითხოვა, რაზეც პროცედურული მიზეზებით ქართული ოცნების უმრავლესობისგან უარი მიიღო.

ამ თემაზე ბიუროს ფორმატში გამართული დებატების დროს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კოლეგებს ნაციონალური მოძრაობიდან საკითხის პროცედურების დაცვით განხილვა და მომდევნო კვირის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში შეტანა შესთავაზა. მანამდე კი, მისი თქმით, ასევე იქნება საკმარისი დრო კონსულტაციებისთვის.

ვიცე-სპიკერი ნაციონალური მოძრაობიდან სერგი კაპანაძე მართალია დაეთანხმა, რომ პროცედურული დაბრკოლებები მართლაც არსებობდა, თუმცა მოითხოვა გამონაკლისის სახით საკითხის დაჩქარებულად განხილვა მისი „მნიშვნელობიდან გამომდინარე“. უარის მიღების შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება პროცედურულ საკითხებს „იყენებს“, რადგან „პოლიტიკურად არ სურს განცხადების მიღება“.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კოლეგების მიერ დაყენებული საკითხი“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა ქართული ოცნებიდან ზვიად ძიძიგურმა და დასძინა, რომ არ ჰგონია, რომ „ერთი კვირის დაგვიანებით თუკი ჩვენ ამ განცხადების ტექსტზე ვიმსჯელებთ, ამით ჩვენ პროცესებს ჩამოვრჩებით“.

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ირმა ინაშვილმა კოლეგებს ნაციონალური მოძრაობიდან იმის გამო უსაყვედურა, რომ განცხადების თემა ისე წამოწიეს, რომ დეპუტატებს მისი შინაარსი წინასწარ არც კი გააცნეს. „თქვენ ისე ჩქარობთ, რომ მეჩვენება რაღაც პროვოკაციაში გვითრევთ“, – მიმართა მან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს.

ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული განცხადების პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტი „შეშფოთებას გამოთქვამს იმ უმძიმესი ჰუმანიტარული და პოლიტიკური ვითარების გამო, რაც შექმნილია სირიის არაბთა რესპუბლიკაში“, იზიარებს საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას, რომ „შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს“ და მოუწოდებს „ალეპოს კრიზისში ჩართულ ყველა მხარეს, რომ უზრუნველყოფილ იქნას ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა კონფლიქტის ზონაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისათვის“.

განცხადების პროექტი, სადაც აღნიშნულია რუსეთის როლი ალეპოს საჰაერო დაბომბვებში, რასაც „ქალაქის დიდი ნაწილის განადგურება და სამოქალაქო მოსახლეობის მასიური მსხვერპლი“ მოჰყვა, გმობს „სირიაში, განსაკუთრებით კი ალეპოში მიმდინარე პროცესებში რუსეთის ფედერაციის სამხედრო და პოლიტიკურ ჩარევას, რაც კიდევ უფრო მასშტაბურს ხდის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ კრიზისს“ და „რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ როლს გაეროს უშიშროების საბჭოში, რაც აფერხებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ეფექტიან ჩარევას ჰუმანიტარულ კრიზისში“.

ნაციონალური მოძრაობის განცხადების პროექტი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას „აქტიურად დააფიქსიროს ქვეყნის პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე“ სირიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და „შესაძლებლობის ფარგლებში გაუწიოს ჰუმანიტარული დახმარება სირიის არაბთა რესპუბლიკის მშვიდობიან მოსახლეობას და მიიღოს დევნილები სირიიდან“.