დათა ახალაია ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) ყოფილი უფროსი დათა ახალაია ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეუფარდა.
საქმე ეხება 2006 წლის იანვარში მომხდარ ე.წ. სპეცოპერაციას, რომლის დროსაც სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ერთი მათგანის მიმართ საკონტროლო გასროლა, სასამართლოს თანახმად, დათა ახალაიამ განახორციელა, კიდევ ერთ ახალგაზრდას კი კუდის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიორგი დგებუაძემ ესროლა.
დგებუაძეს, რომლის საქართველოში ექსტრადირება ნიდერლანდებიდან მარტში განხორციელდა, სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში დახმარებისა და მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის.
დათა ახალაიამ, რომელიც კუდ-ის ხელმძღვანელობის შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილეც იყო, საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა. ის საბერძნეთში 2014 წლის გაზაფხულზე დააკავეს, თუმცა გირაოს გადახდის შემდეგ ივნისის დასაწყისში გაათავისუფლეს. მის ექსტრადირებაზე საქართველოს სამართალდამცავების მოთხოვნა საბერძნეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ახალაია ინტერპოლის წითელი ცირკულარით აღარ იძებნება.
ის 2014 წლის მარტში თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა საქმეზე, რომელიც თითქმის ათი წლის წინ პოლიციელების ცემას ეხება. მას ასევე ბრალი აქვს წაყენებული სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.
This post is also available in: Русский (რუსული)