ნაციონალური მოძრაობის ყრილობის მოახლოებასთან ერთად შიდაპარტიული კრიზისი ღრმავდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაყოფის პირას არის, ვინაიდან დაპირისპირებული მხარეები 2017 წლის 20 იანვარს დაგეგმილი ყრილობის წინ საორგანიზაციო საკითხებზე ვერ თანხმდებიან და ერთმანეთს კვლავაც ურთიერთბრალდებებს უყენებენ.

პარტიის პოლიტსაბჭოს 30 ნოემბრის იმ გადაწყვეტილებით, რომ ყრილობა ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის სურვილის შესაბამისად 7 000 დელეგატის მონაწილეობით გაიმართება, დავა არ დასრულებულა. დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემას, რომელიც პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხს უკავშირდება, დაემატა უთანხმოება ყრილობის საორგანიზაციო საკითხების ირგვლივაც.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა გივი თარგამაძემ, რომელიც 2004 წლიდან 2012 წლამდე პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, 23 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში  მიხეილ სააკაშვილი პარტიული ყრილობის შესახებ ცალმხრივი გადაწყვეტილებების მიღების გამო გააკრიტიკა. თარგამაძემ ყოფილი პრეზიდენტი და პარტიის დამფუძნებელი იმაში დაადანაშაულა, რომ მან პარტიის პოლიტიკური საბჭოს გვერდის ავლით თავის თავზე აიღო ყრილობის ორგანიზების საქმე.     

„იმის პასუხად, რომ წინა პოლიტსაბჭოზე გამარჯვებულებს საკრალური 7 ათასის გარდა ყრილობის ჩატარების არცერთი წესი ბოლომდე გაწერილი არ აქვთ და ასე მოქმედება შეუძლებელია, საჭიროა პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი სხდომის ჩატარება და ყველაფრის დაზუსტება, პასუხად მივიღეთ, რომ პოლიტსაბჭო მათი (ანუ მისი) გაგებით აღარ არსებობს და აწი ყველაფერს გადაწყვეტს ყრილობის საორგანიზაციო კომისია. მითითება იმაზე, რომ ამ კომისიის წარდგენილი წევრებიც, წინა გადაწყვეტილების შესაბამისად, ასევე პოლიტსაბჭომ უნდა დაამტკიცოს, არ აინტერესებთ“, – განაცხადა თარგამაძემ.  

„[სააკაშვილს] სურს მხოლოდ ყრილობა-ბალაგანი … რომელზეც არცერთი საკითხის არსს არ ექნება მნიშვნელობა და ექსტაზში მყოფთა შეძახილების ფონზე ყველაფერი, რაც სურს, ყოველგვარი პოზიციების შეჯერებისა და ხმების დათვლის გარეშე ისე დამტკიცდება, როგორც სურს“, – დასძინა მან. 

„ენმ ამთავრებს არსებობას. ნუ, იმ ფორმით და შემადგენლობით, რითაც ქვეყნის მოდერნიზაციის ერთერთ ყველაზე სერიოზულ მცდელობასთან ასოცირდებოდა. დრამაა, მაგრამ ტრაგედია არა“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა წევრმა დავით დარჩიაშვილმა.

ამ ფონზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რომელიც პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელია და პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატადაც მოიაზრებოდა, განაცხადა, რომ ის ყრილობის გადადების ინიციატივით გამოვა. მან ასევე განაცხადა, რომ ყრილობაზე არ აპირებს მისი კანდიდატურის თავმჯდომარის პოსტზე დაყენებას იმის მიუხედავად, რომ მისი პოზიცია იქით იხრება, რომ პარტიას ადგილზე უნდა ჰყავდეს თავმჯდომარე, რაც „არანაირად არ აკნინებს მისი დამფუძნებლის და ლიდერის ფუნქციას პარტიის წინაშე“.    

„გადავდოთ ეს ყრილობა, რომელიც ასეთ წინააღმდეგობრივ ფონზე ტარდება და ამხელა ემოციებს იწვევს. დავსხდეთ, დავწყნარდეთ, დავილაპარაკოთ და ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ მომავალი და ერთიანობა“, – განაცხადა მან შაბათს „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში და ხაზი გაუსვა, რომ „პარტიის ერთიანობიდან გამომდინარე, მე არ ვაყენებ თავმჯდომარის კანდიდატურას“. 

ყრილობის გადადების იდეა მიხეილ სააკაშვილმა 25 დეკემბერს თავის facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში უარყო. 

„20 იანვარს უნდა ჩატარდეს ყრილობა ცივილიზებულად და ურთიერთპატივისცემის პირობებში და პარტიის მართვა დაუბრუნდეს მის აქტივს“, – განაცხადა სააკაშვილმა, „ყრილობის გადადების ყველანაირი მცდელობა იმ ხალხის მხრიდან, რომელიც ჩქარობდა ყრილობის მოწვევას უკვე 27 დეკემბერს, საფუძველს მოკლებულია. მე ყოველ დღე ვერთვები ჩვენს ათასობით აქტივისტს მთელს საქართველოში და კარგად ვიცი, რომ ისინი მზად არიან ყრილობის მაღალ დონეზე ჩასატარებლად“.

მანამდე, 20 დეკემბერს, სააკაშვილმა ოპონენტები ქართული ოცნების დამფუძნებელთან და ყოფილ პრემიერ–მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა. „საკმარისად დიდხანს ვითმინე. ბევრი რაღაც ვიცი, ვიცი რა გარიგებებს აქვს ადგილი“, – მიმართა სააკაშვილმა მხარდამჭერებს ზუგდიდში პარტიის აქტივისტებთან შეხვედრაზე ვიდეო ჩართვისას.

ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა დეპუტატმა გიგი წერეთელმა არ გამორიცხა პარტია „ევროპული საქართველოს“ ალტერნატიულ პოლიტიკურ პლატფორმად სამომავალო გამოყენების შესაძლებლობა 

პარტია „ევროპულ საქართველოს“, რომელმაც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალურ მოძრაობასთან ბლოკში მიიღო მონაწილეობა და კვალიფიციური სუბიექტებისთვის გათვალისწინებულ სხვა პრივილეგიებს შორის საბიუჯეტო დაფინანსებაც მიიღო, გიგი წერეთლის მამა ხელმძღვანელობს.

ნაციონალურ მოძრაობაში შიდაპარტიულმა დაპირისპირებამ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ღია ფორმები მიიღო, როდესაც საქართველოს ექს–პრეზიდენტმა და ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც იმ დროს ოდესის გუბერნატორი იყო, არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და პარლამენტის ბოიკოტირებისკენ მოუწოდა. პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრების უმეტესობამ დავით ბაქრაძისა და გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით პარლამენტში შესვლას და მეორე ტურებში მონაწილეობას დაუჭირეს მხარი. 

უთანხმოება ხელახლა წარმოიშვა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურების შემდეგ, ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხზე. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების უმრავლესობა ახალი თავჯდომარის არჩევის მომხრეა, ხოლო პარტიის ძირითადად ის წევრები, რომლებიც დეპუტატები ვერ გახდნენ, ამ ადგილის ვაკანტურად დატოვებას ითხოვენ – საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ სააკაშვილმა საქართველოში პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეობის უფლებაც დაკარგა, თუმცა პარტიამ გადაწყვიტა, რომ არ აერჩია ახალი თავმჯდომარე.

დაპირისპირება განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში გამწვავდა, სადაც სააკაშვილის მხარდამჭერები პარტიის იმ წევრებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც ახალი თავმჯდომარის არჩევას ემხრობიან და უფრო მცირერიცხოვანი ყრილობის ჩატარებას ითხოვდნენ დაახლოებით 2 ათასი დელეგატის მონაწილეობით. სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა ისინი ექს–პრეზიდენტის პარტიიდან ჩამოშორების მცდელობაში დაადანაშაულეს.