ცხინვალი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის სახელის გადარქმევაზე რეფერენდუმს გეგმავს
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის სახელწოდების „სამხრეთ ოსეთი – ალანიად“ გადარქმევის თაობაზე რეფერენდუმი 2017 წლის აპრილში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება.
„ჩემი აზრით, უნდა გადავარქვათ ჩვენ სახელმწიფოს სამხრეთ ოსეთი – ალანია, ისევე როგორც არის ჩრდილოეთ ოსეთი – ალანია და ამის შემდეგ, შევუერთდეთ ჩრდილოეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციაში, როგორც სახელმწიფო ალანია. თუმცა, ამ საკითხზე რესპუბლიკაში განსხვავებული მოსაზრებები რჩება და ჩვენ მათ გავითვალისწინებთ“, – განაცხადა თიბილოვმა.
პირველად რეგიონის სახელწოდების გადარქმევის ინიციატივით თიბილოვი 2015 წლის დეკემბერში გამოვიდა.
სეპარატისტული რეგიონის ლიდერი რუსეთში გაერთიანების მიზნით რეფერენდუმის ჩატარებას 2016 წლის აგვისტომდე გეგმავდა. თუმცა მაისში თიბილოვმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართება.