2016 წელს ვიზიტორთა რაოდენობამ 6 350 825-ს მიაღწია

2016 წელს საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 7.6%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 6 350 825-ს მიაღწია,  ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვრის კვეთის შესახებ 5 იანვარს გავრცელებულ სტატისტიკურ მონაცემებში.

ის ვიზიტორები, რომლებიც საქართველოში შემოდიან და ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში ჩერდებიან „ტურისტებად“ არიან კვალიფიცირებულები.

2016 წელს 6.35 მილიონი ვიზიტორიდან 2 714  773 „ტურისტი“ იყო, რაც 2015 წელთან  შედარებით, 19%-იანი ზრდაა.  ტრანზიტის რაოდენობამ 1 321 000 შეადგინა, რაც 5.7%-იანი კლებაა 2015 წელთან შედარებით.

ყველაზე მეტი სტუმარი საქართველოს 2016 წელს მეზობელი სახელმწიფოებიდან ეწვია.

ამ სიას აზერბაიჯანის მოქალაქეები ლიდერობენ 1.52 მილიონი შემოსვლით საქართველოში (2015 წელს – 1.39 მილიონი); შემდეგ მოდიან სომხეთის მოქალაქეები 1.49 მილიონი შემოსვლით  – 2015 წელს 1.46 მილიონით სომხეთი ლიდერობდა; თურქეთის მოქალაქეები – 1.25 მილიონი, ეს მაჩვენებელი 2015 წელს არსებულ 1.39 მილიონს ჩამოუვარდება (თურქეთის მოქალაქეები 2011-2014 წლებში ლიდერობდნენ შემოსვლების რაოდენობით); რუსეთის მოქალაქეები – 1.03 მილიონი (2015 წელს – 0.9 მილიონი); და უკრაინის მოქალაქეები – 172 631 (2015 წელს – 141 734).

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების საქართველოში სტუმრობამ 2016 წელს 262 106-ს მიაღწია. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 240 911-ს შეადგენდა.

2016 წლის თებერვალში ირანის მოქალაქეებისთვის 45–დღიანი უვიზო რეჟიმის აღდგენას ირანელი ვიზიტორების 147 915–მდე ზრდა მოყვა. 2015 წელს ირანიდან სულ 25 273 შემოსვლა დაფიქსირდა.

2015 წელს საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ 5 901 094 შეადგინა, რაც 2014 წელთან შედარებით 7%-იანი ზრდა იყო.