სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკარაგუას სტუმრობს

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე 9 იანვარს ნიკარაგუაში ჩავიდა პრეზიდენტ დანიელ ორტეგას ინაუგურაციაზე დასასწრებად.

„ვიზიტის დროს დაგეგმილია შეხვედრები ნიკარაგუას რესპუბლიკის რამდენიმე სამინისტროს ხელმძღვანელობასთან“, – იტყობინება სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყება.

დაურ კოვეს, რომელიც მინისტრად ოქტომბრის დასაწყისში დაინიშნა მას შემდეგ, რაც ამ თანამდებობიდან ვიაჩესლავ ჩირიკბა გადადგა, ნიკარაგუაში ახლავს მისი მოადგილე ოლეგ არშბა და სამინისტროს სამი წარმომადგენელი.

ნიკარაგუა პირველი იყო, ვინც რუსეთის მაგალითს მიბაძა და საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის სექტემბერში აღიარა –  ანალოგიური ნაბიჯი ერთი წლის თავზე ვენესუელამ და ნაურუმ გადადგეს.