ფარული მოსმენების რეგულაციების შესაცვლელად პარლამენტში შექმნილმა ჯგუფმა მუშაობა დაიწყო
პარლამენტში მუშაობა დაიწყო სპეციალურმა ჯგუფმა, რომელიც ფარული მოსმენების შესახებ რეგულაციებში ცვლილებებს მოამზადებს, რათა კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს იმ გადაწყვეტილებასთან, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების რიგი ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო.
საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის 14 აპრილს არაკონსტიტუციურად გამოაცხადა ის ნორმები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მობილური ოპერატორების სერვერებთან პირდაპირი წვდომის გზით მოსმენების განხორციელების, ასევე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და მათი 2 წლის ვადით შენახვის საშუალებას აძლევს და კანონმდებლებს მოქმედი რეგულაციების შეცვლისთვის და შემდეგ ახალი წესების შესაბამისად შემოღებული სისტემის ინსტიტუციურ და ტექნიკურ უზრუნველყოფისთვის „ობიექტურად საკმარის ვადად“ 2017 წლის 31 მარტამდე პერიოდი განუსაზღვრა.
სამუშაო ჯგუფში, რომელსაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია ხელმძღვანელობს, დეპუტატებთან ერთად ასევე შედიან აღმასრულებელი ხელისუფლების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლოსა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში თითქმის სამი წელია ითხოვენ, რომ უსაფრთხოების სამსახურებს აღარ ჰქონდეს პირდაპირი და უკონტროლო წვდომა ფარული მიყურადების საშუალებებზე.
კამპანიის მონაწილეებმა საკუთარი საკანონმდებლო წინადადებები შეიმუშავეს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ითხოვენ ფარული მოსმენების ე.წ. გასაღების დამოუკიდებელი სააგენტოსთვის გადაცემას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომლის სტრუქტურაშიც შედის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი, რომელსაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება ევალება.
ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლება უსაფრთხოების სამსახურიდან მოსმენების ფუნქციის განცალკევებას არ დათანხმდება.
საბოლოოდ, კონკრეტული მოდელი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შემუშავდება.
„ყველა ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა უნდა იყოს გარანტირებული და სახელმწიფოს ეს მაღალი პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილი ყველა შესაბამისი ინსტრუმენტით ისე, რომ არ მოხდეს არაპროპორციულად პირად დაცულ სივრცეში ჩარევა – ჩვენ ამ ბალანსის დაცვაზე ყველანი ვთანხმდებით. ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ შეიძლება მოვიფიქროთ კონტროლის დამატებითი მექანიზმები, გარე კონტროლზეა საუბარი გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა და სასამართლოსი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება როგორც გარე კონტროლის ეტაპი. ასევე, ვფიქრობთ საპარლამენტო კონტროლის ფუნქციის გაზრდაზე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ 9 იანვარს „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
ბესელიამ, რომელიც იმ კანონმდებლობის ერთ-ერთი თანაავტორი იყო, რომლის ნაწილიც არაკონსტიტუციურად გამოცხადდა, ისიც დასძინა, რომ საქართველოში, რომელსაც „საკმაოდ რთული გეოპოლიტიკური მდებარეობა“ აქვს, „ისეთ ექსპერიმენტს ვერ ჩავატარებთ“, რომ „ეს საფრთხეები კიდევ უფრო გავზარდოთ“.
2014 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით მართალია მკაცრი წესები დაუდგინდათ სამართალდამცავებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან მიმართებაში, მათ შორის შესაბამისი ნებართვების სასამართლოდან მისაღებად დასაბუთების მაღალი სტანდარტის შემოღების კუთხით და ასევე გაიზარდა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის უფლებები, თუმცა მთავარი საკითხი, რომელიც 2010 წლიდან მოქმედებს კანონმდებლობაში და რომელიც საშუალებას აძლევს უსაფრთხოების სტრუქტურებს პირდაპირი მიერთება ჰქონდეთ მობილური ოპერატორების სერვერებზე განთავსებულ ე.წ. „შავ ყუთებთან“, კვლავ უცვლელი დარჩა.
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მას ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ეს ვეტო დაძლია.
მიღებულმა ცვლილებებმა ვერ შეამსუბუქა უფლებადამცველი ორგანიზაციების წუხილები, რომლებიც აცხადებენ, რომ სანამ უსაფრთხოების სამსახურს კვლავ რჩება პირდაპირი წვდომა საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე, სამართალდამცავ სტრუქტურებს თავისუფლად შეუძლიათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გვერდის ავლით უკანონო მიყურადების განხორციელება. სადავო დებულებების შეცვლისკენ საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველისა და კამპანია „ეს შენ გეხებას“ საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველზე მოუწოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)