„გაზპრომი“ საქართველოსთან ახალ სატრანზიტო პირობებზე კომენტარს აკეთებს

რუსული კომპანია „გაზპრომი“ 13 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ადასტურებს, რომ მხარეები „ხანგრძლივი“ მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს გავლით რუსული გაზის სომხეთში ტრანსპორტირების ფულად ანაზღაურებაზე შეთანხმდნენ, რაც „ოპტიმალური“ კომერციული პირობებია.

„მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაზის ტრანსპორტირების ფულადი ფორმით ანაზღაურებაზე გადავიდნენ“, – აცხადებს „გაზპრომ ექსპორტი“. 

„მიღწეული შეთანხმების თანახმად, რუსული მხარე გარანტიას იძლევა, რომ უზრუნველყოფს საქართველოს გავლით 2017–2018 წლებში სომხეთში წელიწადში 2,0–2,2 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობით გაზის ტრანსპორტირების ანაზღაურებას, ასევე საქართველოსთვის გაზის მიწოდებას მოქნილი პირობებით, 1000 კუბურ მეტრზე 30 აშშ დოლარით ნაკლებ ფასად, ვიდრე 2016 წელს“, – ნათქვამია განცხადებაში. 

„გაზპრომის“ განცხადებაში არაფერია ნათქვამი ტრანზიტის საფასურზე. ამ თემაზე საუბარს კონფიდენციალურობის დაცვის მოტივით ასევე თავს არიდებს ქართული მხარეც.

„მთელი რიგი შეხვედრების და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ქართველ პარტნიორებთან ერთად შევძელით კომერციული პირობების შემუშავება, რომლებიც ოპტიმალურია ორივე მხარისთვის და ტრანზიტის პირობებზე შეთანხმების მიღწევა“, – განაცხადა „გაზპრომ ექსპორტის“ გენერალურმა დირექტორმა ელენა ბურმისტროვამ.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „გაზპრომ ექსპორტის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ 11 იანვარს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა დათანხმდა მათ შემოთავაზებას რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის ახალ პირობებთან დაკავშირებით და გადაწყვიტა 2-წლიანი ხელშეკრულების გაფორმება, რაც, მისი თქმით, გულისხმობს ხელშეკრულების მოქმედების პირველ წელს სომხეთში რუსული გაზის ნაწილობრივ კვლავ ნედლეულით ანაზღაურების ფორმის შენარჩუნებას, რაც შემდეგ ფულადი ანგარიშსწორების ფორმით გაგრძელდება – აქამდე საქართველო გატარებული მოცულობის 10%-ს აირის სახით იღებდა. კალაძემ ასევე განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდის ფონზე, თუ საქართველოს დამატებითი მოცულობების მიღების აუცილებლობა ექნება, ის 1000 კუბურ მეტრ რუსულ გაზში 215 დოლარის ნაცვლად, 185 აშშ დოლარს გადაიხდის. 

„გაზპრომის“ პირობებზე საქართველოს მთავრობის დათანხმებას კრიტიკა მოყვა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის მხრიდან, რომელთაც ხელისუფლებას დაგეგმილი ხელშეკრულების გასაჯაროებისკენ და დეტალების განმარტებისკენ მოუწოდეს, მათ შორის პარლამენტში მოსმენების გზით.