ცხინვალმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დანიშნა
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ამომრჩევლები 9 აპრილს რეგიონის ახალ ლიდერს აირჩევენ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ 17 იანვარს ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
სამხრეთ ოსეთის მოქმედი ლიდერი ლეონიდ თიბილოვი, რომელიც რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი 2012 წლიდანაა, მეორე ხუთწლიანი ვადით იყრის კენჭს.
თიბილოვი, რომელიც სეპარატისტული რეგიონის უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსია, სეპარატისტული რეგიონის ლიდერი 2012 წლის გაზაფხულზე ჩატარებული განმეორებითი არჩევნების ორი ტურის შედეგად გახდა. განმეორებითი არჩევნები მას შემდეგ ჩატარდა, რაც 2011 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგები, რომლის თანახმადაც ოპოზიციურმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ მოიგო, გაუქმდა, რასაც ქუჩის საპროტესტო აქციები მოყვა.
სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი თიბილოვის მთავარ კონკურენტად მოიაზრება. ბიბილოვი, რომლის პარტია „ერთიან ოსეთს“ 34–წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 20 ადგილი უკავია, ალა ჯიოევას წინააღმდეგ 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტა, რომ მარტის არჩევნებში არ მიეღო მონაწილეობა.
გავრცელებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ასევე გეგმავს ედუარდ კოკოითი, 2001–2011 წლებში სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტი.
საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ცხინვალმა შესაძლოა რეფერენდუმიც გამართოს რეგიონის სახელწოდების „სამხრეთ ოსეთი – ალანიად“ გადარქმევის თაობაზე.
საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არჩევნებს არ ცნობენ თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა – რუსეთისა და რამდენიმე ქვეყნის გარდა, რომელთაც აღიარეს მათი დამოუკიდებლობა.