უსუფაშვილი პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს

დავით უსუფაშვილმა, წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ და რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა ლიდერმა, განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელები „მნიშვნელოვან“ პოლიტიკურ მოთამაშეს ჩამოაყალიბებენ საზოგადოების „ფართო მხარდაჭერით“, რომელიც შეძლებს „სერიოზული წარმატების“ მიღწევას 2020 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე. 

17 იანვარს „ტვ პირველთან“ ინტერვიუში თავის სამომავლო გეგმებზე საუბრისას უსუფაშვილმა მართალია ახალი პარტიის შექმნის სავარაუდო თარიღი არ დაასახელა, მაგრამ განაცხადა, რომ  მას  „სერიოზულ ადამიანებთან ერთად ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სეროზული საქმის კეთება“ სურს და „ამისთვის ყველა საჭირო ინსტრუმენტზე მიდის ფიქრი და მუშაობა“.

ახალი პოლიტიკური პარტიის უახლოეს გეგმებზე საუბრისას, უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „მთავარი სამიზნეა“, თუმცა დასძინა, რომ არ გამორიცხავს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასაც. თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ  არ აპირებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და 2017 წლის თბილისის მერის არჩევნებში კენჭისყრას.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წევრებთან თანამშრომლობის შესაძლებლობაზე საუბრისას უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ის „კონკურენტულ რეჟიმში“ იქნება მათთან, მაგრამ დასძინა, რომ „ცალკეულ საკითხებზე, რომლებზეც შესაძლოა აღმოგვაჩნდეს საერთო პოზიცია, ვიქნებოდი თანამშრომლობის რეჟიმში“.

დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია, რომელიც პარლამენტს მიღმა დარჩა, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დატოვა და ახალი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა დააანონსა.