ვენეციის კომისიის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით 20 იანვარს თბილისში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს.
ჯანი ბუკიკიო, ვენეციის კომისიის მდივანთან თომას მარკერტთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა, რომელიც იმავდროულად იმ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეა, რომელიც დეკემბერში შეიქმნა და საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების მომზადებას 30 აპრილამდე გეგმავს.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპელ პარტნიორებთან რეფორმის პროცესში თანამშრომლობის გეგმები შეათანხმეს. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ადრე დადებული პირობა, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია „გულდასმით იქნება განხილული“.
„საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს არცერთ ისეთ ნორმას, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით ნეგატიურად იქნება შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ და ეს ჩვენი განაცხადი იქნება, რა თქმა უნდა, შესრულებული“, – განაცხადა მან.
ჯანი ბუკიკიო მიესალმა ამ განცხადებას, როგორც „საერთაშორისო დონეზე აღებულ პირველ ასეთ ვალდებულებას“ და ხაზი გაუსვა საერთო მიზანს, რომ „გავაუმჯობესოთ საქართველოს კონსტიტუცია და სრულ შესაბამისობაში მოვიყვანოთ ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან“.
„გლობალურად, [მოქმედი კონსტიტუცია] კარგი ტექსტია და ის შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, თუმცა, ტექსტის დახვეწა შეიძლება“, – განაცხადა ბუკიკიომ, „2010 წელს კონსტიტუციის ბოლო გადასინჯვის შემდეგ, ვენეციის კომისიამ კონსტიტუციაში ასახული ზოგიერთი საკითხის მიმართ კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა, რომლებიც უნდა გაუმჯობესდეს. წინა მოწვევის პარლამენტში უკვე იყო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც, სამწუხაროდ, არ იყო წარმატებული. ახლა ვფიქრობ, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია“.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ასევე შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომლის ადმინისტრაციაც ბოიკოტს უცხადებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად, შეხვედრაზე ასევე განიხილეს სასამართლო რეფორმის ე.წ. "მესამე ტალღის" ცვლილებები, რომელიც დეკემბერში იქნა მიღებული და რომლისთვისაც ჯერ პრეზიდენტს ხელი არ მოუწერია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს სასამართლოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ხელმოწერის ვადა 25 იანვრამდე აქვს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან და პატრიოტთა ალიანსის საპარლამენტო ფრაქციასთან. ერთდღიანი ვიზიტის ბოლო შეხვედრას ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობა იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან გამართავს.
ჯანი ბუკიკიომ, მართალია ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული არ იყო, თუმცა ერთობლივი შეხვედრა გამართა საკონსტიტუციო საკითხების ექსპერტებთან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს ხელმძღვანელებთან და ასევე, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში ასევე ხელმძღვანელობდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)