საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება
პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში მაუწყებლობის შესახებ კანონში, ძირითადად, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული ცვლილებების თაობაზე კანონპროექტის მოსამზადებლად ჩამოყალიბდა, პირველი შეხვედრა 21 იანვარს გამართა.
სამუშაო ჯგუფმა იმ თემების იდენტიფიცირება მოახდინა, რომლებიც 19 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 13–მა თანამშრომელმა წარადგინა განსახილველად იმ ფონზე, როცა სამეურვეო საბჭო ახალ დირექტორს კონკურსის წესით არჩევდა – მაუწყებლის ახალი დირექტორი ყოფილი პოლიტიკოსი და 2014 წლიდან 2016 წლის სექტემბრამდე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ ტელეკომპანია GDS-ში მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუს გენერალური პროდიუსერი ვასილ მაღლაფერიძე გახდა, რაც სამოქალაქო საზოგადოებრივმა ჯგუფებმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური ზეგავლენის შესაძლო გაზრდის სიგნალად შეაფასეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საკანონმდებლო წინადადება ძირითადად მაუწყებლის ცხრაწევრიანი სამეურვეო საბჭოს და გენერალური დირექტორის უფლება–მოვალეობების მკაფიოდ გამიჯვნას მოითხოვს. მათი მოსაზრებით, სამეურვეო საბჭოს უპირატესი უფლება აქვს მინიჭებული მაუწყებლის მართვის საკითხებში, რადგან მას საკუთარი ინიციატივით, დირექტორთან შეთანხმების გარეშეც, შეუძლია შეცვალოს ბიუჯეტი და დებულება, ასევე განსაზღვროს შრომითი ხელშეკრულების ან მისი ვადამდე შეწყვეტის პირობები – წინადადების ავტორები ამ წესის შეცვლას ითხოვენ იმ მოტივით, რომ „სამეურვეო საბჭო თავად ხდება გადაწყვეტილებების მიმღებიც და მაკონტროლებელიც“, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ გენერალური დირექტორის საქმიანობის მაკონტროლებელი ორგანო იყოს.
„ასეთი რამ ახდენს თავად მაუწყებლის მუშაობის პარალიზებას და შეიცავს მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს შორის მუდმივი უთანხმოების საშიშროებას“, – აცხადებენ ავტორები საკანონმდებლო წინადადებისა, რომლის კანონპროექტად ჩამოყალიბებას პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მწვანე შუქი აუნთო.
„ჩვენ ვიმუშავეთ რამდენიმე საკითხზე, რაც კანონმდებლობის კუთხით ხარვეზებს და პრობლემებს ქმნის. ეს ეხება შიდა საქმიანობას როგორც უფლებამოსილების ფარგლების გამიჯვნის კუთხით, ასევე სამეურვეო საბჭოს არჩევის წესს“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ 21 იანვარს შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ კონკრეტული ცვლილებების შინაარსობრივ ნაწილზე მუშაობა გაგრძელდება.
სამეურვეო საბჭოს ერთ–ერთმა წევრმა, ირინა ფუტკარაძემ 21 იანვრის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება „კონტრუქციული“ დიალოგის რეჟიმში „კონსენსუსის“ გზით იქნება მიღწეული. „ბუნებრივია, სამეურვეო საბჭო არ გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც გამოიწვევს საბჭოს დასუსტებას“, – განაცხადა მან.
ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა პარტიამ გააკრიტიკა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა წინადადება „სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეზღუდვის ხარჯზე, გენერალური დირექტორის უფლებამოსილებების გაზრდასთან“ დაკავშირებით და განაცხადა, რომ მისი მიღება „უკან გადადგმული ნაბიჯი“ იქნება მედიის გამჭირვალობის და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის უმაღლესი მმართველი ორგანოა სამეურვეო საბჭო, რომელსაც აქვს მაღალი საკანონმდებლო ლეგიტიმაცია, ასევე, გენერალური დირექტორის კონტროლის უფლებამოსილება. უფლებამოსილებათა ამგვარი გადანაწილების ძირითადი მიზანია, ერთი მხრივ, სამეურვეო საბჭოს, როგორც უმაღლეს მმართველ ორგანოს, საჭიროების შემთხვევაში ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, მეორე მხრივ, კი არ დაუშვას გენერალური დირექტორის ხელში ჭარბი უფლებამოსილების კონცენტრირება“, – ნათქვამია რესპუბლიკელების განცხადებაში, რომელიც 17 იანვარს გამოქვეყნდა.