პრეზიდენტმა სასამართლოებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო დაადო
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ სახელწოდებით ცნობილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ცალკეულ დებულებებს, რომლებიც მისი შეფასებით, მიუკერძოებელი სასამართლოს პრინციპებს ეწინააღმდეგება, ვეტო დაადო, თუმცა ასევე მიესალმა „ბევრ სასარგებლო“ ცვლილებას, რომელსაც პარლამენტის მიერ ხანგძლივი განხილვის შემდეგ დეკემბრის ბოლოს მიღებული ეს პაკეტი მოიცავს.
„სასამართლო სისტემის რეფორმირება და მისი გაძლიერება და გაჯანსაღება ყოველთვის იყო ჩემი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა 24 იანვარს გამართულ ბრიფინგზე, ერთი დღით ადრე ვიდრე მის ადმინისტრაციაში 10 იანვარს შესული კანონპროექტთა პაკეტის ხელმოწერის ვადა ამოიწურებოდა.
„წარმოდგენილ პაკეტში არის ბევრი სასარგებლო და მნიშნელოვანი ცვლილება, მათ შორის ისეთი ცვლილებებიც, რომლის დანერგვაზეც და ტექნიკურ უზრუნველყოფაზეც ჩვენი ადმინისტრაციიდან გაცემული არის მრავალი ასობით ათასი ლარი იმისთვის, რომ ეს სისტემა სასამართლოში დანერგილიყო – ასეთია, მაგალითად, საქმეების ელექტრონული გადანაწილების სისტემა“, – განაცხადა მან, „თუმცა ამავე დროს ეს პაკეტი მოიცავს ნორმებს, რომელიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოს და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს“.
„გამომდინარე ამ პაკეტისა და საერთოდ სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობიდან, მე გადავწყვიტე გამოვიყენო კონსტიტუციური უფლება და ვთავაზობ პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ის ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს სასამართლოში თავმჯდომარეების არჩევის წესს და აგრეთვე აუქმებს მომავალში საგამოცდო ვადას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი შენიშვნების პროექტი ჯერ-ჯერობით ხელმისაწვდომი არ არის.
თუმცა ამ ეტაპზე პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ცნობილია, რომ წარდგენილ შენიშვნებს შორის პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ გაუქმდეს მოსამართლეთა უვადო დანიშვნის წინ დაწესებული 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა – პარლამენტის მიერ მიღებული პაკეტით ამ გამოსაცდელი ვადით დანიშვნისგან გამონაკლისის სახით მხოლოდ საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს ის მოქმედი და ყოფილი წევრები თავისუფლდებიან, რომელთაც ამ თანამდებობებზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება აქვთ.
პრეზიდენტი ასევე სთავაზობს, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები თავად მოსამართლეებმა აირჩიონ და არ მოხდეს მათი 5 წლით დანიშვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, როგორც პარლამენტის მიერ მიღებულ ვარიანტშია გათვალისწინებული იმის მიუხედავად, რომ პროექტის პირველ ვერსიებში თავმჯდომარეთა არჩევითობა იყო განზრახული; ამასთან პრეზიდენტის შემოთავაზებით ერთი და იმავე პირს არ შეიძლება ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა და იმავდროულად იყოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეც; ასევე პრეზიდენტის წინადადებაა, რომ სასამართლოს თანამდებობის პირებს ჩამოერთვათ უფლება იმავდროულად იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.
პრეზიდენტი თავის შენიშვნებს შორის ასევე ითხოვს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს კანონით. პარლამენტის მიერ მიღებული პაკეტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა არანაკლებ 16 წევრით განისაზღვრა იმ დათქმით, რომ საჭიროების შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს პლენუმს ამ რაოდენობის გაზრდის საშუალება ექნება. ამჟამად მოქმედი წესით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობას პლენუმი განსაზღვრავს და არა კანონი.
პარლამენტი ან გაიზიარებს პრეზიდენტის ამ შენიშვნებს ან ვეტოს დაძლევას უყრის კენჭს, რასაც სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
„მე მიმაჩნია, რომ ამ მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინებით ჩვენ მივიღებთ უფრო მაღალი ხარისხის კანონმდებლობას და უფრო მაღალი ხარისხის სასამართლოს“, – განაცხადა მარგველაშვილმა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
ვეტოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის საკონსულტაციო შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან უჩა ნანუაშვილთან. სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ კანონპროექტები ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრაზე, რომელიც თბილისში 20 იანვარს გაიმართა.
„ჩვენ რამდენიმე მოსაზრება გამოვაქვეყნეთ სასამართლო სისტემაზე საქართველოში და ვიმედოვნებ, რომ ამჯერად ჩვენი რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ბუკიკიომ მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ.