ევროპულმა საქართველომ ევროპის სახალხო პარტიას წევრობის განაცხადით მიმართა
ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა, რომელთაც ეს ოპოზიციური პარტია დატოვეს და ახლა თავიანთ ახალ პოლიტიკურ პლატფორმად პარტია „ევროპულ საქართველოს“ იყენებენ, ევროპის სახალხო პარტიას (EPP), რომელიც ევროპარლამენტში უმსხვილეს ჯგუფს წარმოადგენს, დამკვირვებელ წევრად მიღების თხოვნით მიმართეს.
„დღეს შევხვდი დავით ბაქრაძეს, გიგა ბოკერიას, გიგი უგულავასა და გიგი წერეთელს, მათ წარმომიდგინეს საკუთარი ახალ პოლიტიკური პროექტი „ევროპული საქართველო“, – წერს ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი 23 იანვარს Facebook–ის გვერდზე ნაციონალური მოძრაობის ყოფილ ლიდერებთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ.
„ჩვენი ახალი პარტიის EPP–ში [დამკვირვებლის სტატუსით] გაწევრიანებასთან დაკავშირებით ფორმალური პროცედურები უკვე დაწყებულია და ჩვენ ვიმედოვნებთ, ყველა პროცედურის პატივისცემით, რაც შეიძლება მალე შევძლებთ უკვე სრულფასოვნად ვიყოთ წარმოდგენილი EPP–ში“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ამ საკითხზე საუბრისას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ახალ პოლიტიკურ პარტიას „უამრავი მხარდამჭერი“ ყავს EPP–ში. „ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ გააგრძელოს თანამშრომლობა ევროპის სახალხო პარტიასთან, რომ ჩვენ ვიყოთ ამ ოჯახის წევრი“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მიღების შემთხვევაში ევროპული საქართველო EPP-ს მეორე წევრი იქნება საქართველოდან დამკვირვებლის სტატუსით; ნაციონალურმა მოძრაობამ ეს სტატუსი 2008 წლის სექტემბერში მოიპოვა.
ჯოზეფ დოლიმ ასევე აღნიშნა, რომ „მოხარულია“ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას“ მასპინძლობით, რომელიც პატიმრობიდან წლის დასაწყისში გათავისუფლდა. „ვწუხვარ სხვა პოლიტპატიმრებზე, რომლებიც დაკავებულები არიან საქართველოში და მოვუწოდებ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი“, – განაცხადა მან.
კვირიკაშვილის ადმინისტრაციამ დოლის კომენტარს 24 იანვარს განცხადებით უპასუხა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა „ვერ ჩაერევა, სასამართლოს მიერ, ასეთი დანაშაულებისათვის პასუხისგებაში მიცემული პირების სასჯელისაგან გათავისუფლების პროცესში, მხოლოდ და მხოლოდ მათი პოლიტიკური კუთვნილების გამო და ვერ მოემსახურება დაუსჯელობის სინდრომის დანერგვას, რაც ასევე დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
„ეს არ არის დასავლური, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ღირებულებები. საქართველოს მთავრობის ერთგულებას ამ ღირებულებისადმი, ვერც ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება ვერ შეცვლის“, – ნათქვამია განცხადებაში.
უგულავას გათავისუფლებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზეც შეეხნენ. 23 იანვარს თავის გახსნით სიტყვაში ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი, რომელიც მეორე ვადით იქნა ამ პოსტზე არჩეული, მიესალმა გიგი უგულავას გათავისუფლებას.
„ჩემი პრეზიდენტად არჩევისთანავე გადავწყვიტე კონკრეტულად ამ საკითხზე მომეხდინა კონცენტრირება… ამ ინიციატივებმა, რომელთა წამოწევაშიც მე მარტო არ ვყოფილვარ, შედეგები გამოიღო. რუსეთსა და საქართველოში, ქალბატონი სავჩენკო და ბატონი უგულავა გაათავისუფლეს, ხოლო აზერბაიჯანში სამოქალაქო აქტივისტების და ჟურნალისტების დიდი რაოდენობა გაათავისუფლეს და მე მივესალმე ამ ფაქტს“, – განაცხადა აგრამუნტმა.