გალის მაცხოვრებლებმა გამშვები პუნქტების დაგეგმილი დახურვა გააპროტესტეს
გალის რაიონის მაცხოვრებლებმა 25 იანვარს აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მდებარე ორი გამშვები პუნქტის – ნაბაკევი–ხურჩას და მეორე ოტობაია–ორსანტიას – დაგეგმილი დახურვის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 28 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ იანვრის ბოლოს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მდებარე ოთხი გამშვები პუნქტიდან ორი დახუროს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის მიერ 27 იანვარს გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ სოფელი ნაბაკევის და მიმდებარე სოფლების დაახლოებით 200–მა მაცხოვრებელმა, ძირითადად ქალებმა და ბავშვებმა, გამშვები პუნქტების დახურვის წინააღმდეგ პლაკატებით ხელში საპროტესტო აქცია გამართეს.
„გვინდა ვუთხრათ მთავრობას, რომ ჩვენ ვიმყოფებით აფხაზეთში, ჩვენ შვილებს გვინდა შევუნარჩუნოთ ჩვენი სახლები და შევიწროებულად ვართ. საქართველომ მოგვაქციოს ყურადღება იმისათვის, რომ არ გადაკეტონ ყველა გადასასვლელი გზა, ამ პატარებს არ უნდა გადაუკეტონ გზა“, – განაცხადა ერთ–ერთმა ადგილობრივმა მოსახლემ.
ნაბაკევის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ზუგდიდის რაიონის ახლომდებარე სოფლებში ნაბაკევი–ხურჩას გამშვები პუნქტის გავლით ხვდება სასწავლებლად, სამედიცინო მომსახურებისა და კომერციული საქმიანობისთვის. ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც მდინარე ენგურზე მდებარე გამშვებ პუნქტზე სოფელ ჭუბურხინჯის მახლობლად გადის, ადგილობრივებს სულ ცოტა 30 კილომეტრით დაუგრძელებს გზას.
„დღეს, გალის რაიონის დაახლოებით 120–მა მაცხროვრებელმა აფხაზეთ–საქართველოს საზღვარზე გამშვები პუნქტების დახურვის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. სოფელ ნაბაკევის მაცხოვრებლებმა მთავარი გამშვები პუნქტისკენ მომავალი გზა გადაკეტეს“, – აღნიშნა გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსმა, თემურ ნადარაიამ 26 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.
გალის რაიონის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გალის რაიონის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თემურ შენგელია და ადგილობრივი პოლიციელები აქციის ადგილას მივიდნენ, რის შემდეგაც მომიტინგეებმა საპროტესტო აქცია „ახსნა–განმარტებითი საუბრის“ შემდეგ დაასრულეს.
ამავე ინფორმაციით, თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ გალის რაიონის სამხრეთ ნაწილში მდებარე სოფლების მაცხოვრებლს „დაუბრკოლებლად“ შეუძლიათ ენგურის გამშვებ პუნქტამდე მისვლა. მან დასძინა, რომ არსებობენ „უკანონო სასაზღვრო ბიზნესთან კავშირში მყოფი გარკვეული ძალები, რომლებიც საპროტესტო აქციების პროვოცირებას ახდენენ“.
აშშ–ის საელჩომ თბილისში „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული გამშვები პუნქტების სავარაუდო დახურვის გამო მას შემდეგ, რაც ელჩმა იან კელიმ 26 იანვარს ორივე გამშვები პუნქტი მოინახულა.
„ამ გამშვები პუნქტების დაკეტვა ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ უფრო შეუზღუდავს გადაადგილების თავისუფლებასა და საარსებო წყაროს, ასევე, გავლენას იქონიებს სკოლის მოსწავლეებსა და პაციენტებზე, რომელთაც მკურნალობა ესაჭიროებათ. ჩვენ მოვუწოდებთ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას, გადახედოს გადაწყვეტილებას გამშვები პუნქტების სავარაუდო დახურვის შესახებ და ადგილობრივ მოქალაქეებს მისცეს თავისუფალი გადაადგილებისა და საჭირო სერვისებზე წვდომის საშუალება“, – განაცხადა ელჩმა.
ანალოგიური შეშფოთება გამოხატა გაეროს ოფისმა საქართველოში. „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეშფოთებულია იმის გამო, რომ მსგავსი შეზღუდვები აფხაზეთში (საქართველო) მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული და განვითარების საჭიროებებისთვის ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს“, – აღნიშნა გაეროს რეგიონალურმა კოორდინატორმა, ნილს სკოტმა 26 იანვრის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება „საშუალოდ დღეში სულ ცოტა 1 000 გადასვლაზე მოახდენს გავლენას“.
„ვინაიდან გადაადგილება შეიზღუდება, აფხაზეთის მოსახლეობისთვის რთულად ხელმისაწვდომი იქნება ძირითადი მომსახურებები, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება, ასევე რთული იქნება ეკონომიკურ საქმიანობასა და საზოგადოებრივ აქტივობებში მონაწილეობის მიღება, როგორებიცაა ქორწილები, დაკრძალვები და სხვადასხვა დღესასწაულები, ოჯახების შეკრებები გამყოფი ხაზის გასწვრივ. აღსანიშნავია, რომ ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობა, რომლებიც გამშვებ პუნქტზე გადადიოდნენ სკოლებში, რათა მშობლიურ ენაზე ესწავლათ, შეფერხდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს ოფისი მოუწოდებს შესაბამის მხარეებს, გადახედონ დახურვის მოსალოდნელ ზეგავლენას ადგილობრივი მაცხოვრებლების კეთილდღეობაზე და ასევე მოუწოდებს ყველა მხარეს „უზრუნველყონ აფხაზეთში მცხოვრები ყველა ადამიანის უფლებების და საჭიროებების პატივისცემა“.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 24 იანვარს გალში გამართულ 42–ე შეხვედრაზე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელსაც ადგილზე უიარაღო დამკვირვებლები ყავს, რომელთაც სეპარატისტულ რეგიონში შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ, „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა გამშვები პუნქტების დაგეგმილი დახურვის გამო.
„სადამკვირვებლო მისიამ სერიოზული შეშფოთება გამოხატა გადაკვეთის პუნქტების გამოცხადებული დახურვის გამო და და ხაზგასმით აღნიშნა ასეთი ნაბიჯის უარყოფითი ზეგავლენა ადმინისტრაციული საზღვრის გადამკვეთი ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს სკოლის მოსწავლეებისა და სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით გადამკვეთი პაციენტებისთვის“, – ნათქვამია მისიის პრესრელიზში.
ეს საკითხი ეუთოში აშშ–ის მისიამაც დააყენა. 19 იანვარს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ქეით ბირნსმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა „კიდევ უფრო შეზღუდოს გადაადგილების თავისუფლება, მათ შორის მოსწავლეების და იმ პაციენტების, რომელთაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ“.
იმავე შეხვედრაზე ევროკავშირმა განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც გამშვები პუნქტების დახურვა „მნიშვნელოვნად შეზღუდავს მოსახლების, მათ შორის სკოლის მოსწავლეების გადაადგილების თავისუფლებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს“ და მოუწოდა, რომ გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ზომები განხორციელდეს.
„ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება არსებულ ვალდებულებებს, რომლებიც ითვალისწინებს მუშაობას უსაფრთხოების გაძლიერების და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით. ამას გარდა, ის ეწინააღმდეგება იმ ძალისხმევას, რომელიც სიტუაციის ნორმალიზებისკენაა მიმართული და ქმნის გარემოს, რომელიც არ უწყობს ხელს რეგიონში კონფლიქტის მოგვარებას და სტაბილურობის გაუმჯობესებას“, – ნათქვამია განცხადებაში.