ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულებს საპატიმრო ვადა შეუმცირდათ

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებულ თავდაცვის სამინისტროს ხუთ ყოფილ თანამშრომელს გაფლანგვის ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა და 7-წლიანი პატიმრობა 1.5 წლამდე შეუმცირა 26 იანვარს გამოცხადებული განაჩენით.

ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, რომლის გასაჩივრებასაც დაცვის და ბრალდების მხარეები უზენაეს სასამართლოში გეგმავენ, მსჯავრდებულები ჯერ კიდევ პატიმრობაში რჩებიან, ვინაიდან მათთვის შემცირებული სასჯელის ვადა დაახლოებით 2 თვეში იწურება. 

სააპელაციო სასამართლოს ინფორმაციით, სასჯელი, რომელიც ასევე მოიცავს 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების აკრძალვას, ბრალდებულთა დაკავების მომენტიდან აითვლება.

თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომელი 2014 წლის ოქტომბერში დააკავეს და 4.1 მლნ ლარის ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში დასდეს ბრალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ  2013 წელს  გამოცხადებულ  საიდუმლო ტენდერთან დაკავშირებით – ამ საქმემ თავდაცვის მაშინდელი მინისტრის ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან დათხოვნა და მისი პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ ქართული ოცნების მაშინდელი მმართველი კოალიციიდან ოპოზიციაში გადასვლა გამოიწვია.

„კაბელების საქმის“ ფიგურანტებმა წინასწარ პატიმრობაში თითქმის 8 თვე დაჰყვეს, სანამ მათ თავდებობით 2015 წლის 19 ივნისს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებდნენ. ამის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ მაშინდელი მინისტრის თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებით მისი ყოფილი თანამშრომლები სამსახურში აღადგინა იმ პირობებში, როცა მათ მიმართ სასამართლოს პროცესი გრძელდებოდა. დაახლოებით 11-თვიანი დროებით თავისუფლების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ მიმართ 2016 წლის მაისში გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ხუთ ბრალდებულს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, რაც ოპოზიციურმა და სამოქალაქო საზოგადოებრივმა ჯგუფებმა მწვავედ გააპროტესტეს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული "უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელი" გადაწყვეტილება. 

„კაბელების საქმე“ გაფლანგვის ბრალდების მოხსნის უკვე მეორე გახმაურებული შემთხვევაა ბოლო პერიოდში. ამავე ბრალდებით გასამართლებულ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას იანვრის დასაწყისში სააპელაციო სასამართლომ ასევე გადაუკვალიფიცირა გაფლანგვის ბრალდება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და შეუმცირა სასჯელი, რის შემდეგაც ის საპატიმროდან იმავე დღეს გათავისუფლდა