Freedom House: საქართველო ‘ნაწილობრივ თავისუფალ’ ქვეყნად რჩება
Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველო 2016 წელს მყიფე დემოკრატიული მონაპოვრის გასაძლიერებლად იბრძოდა, თუმცა ის მაინც „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორის რჩება.
„თავისუფლება მსოფლიოში 2017 წელს“ იკვლევს სიტუაციას მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით და ასახავს 2016 წელს განვითარებულ მოვლენებს.
თითოეულ ქვეყანას ან ტერიტორიას ენიჭება სტატუსი „თავისუფალი“, „ნაწილობრივ თავისუფალი“ ან „არა თავისუფალი“ პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიებში მიღებული ქულების მიხედვით 1–დან 7–მდე შკალაზე, სადაც 1 წარმოადგენს ყველაზე თავისუფალს, ხოლო 7 ყველაზე ნაკლებად თავისუფალს.
ანგარიშის თანახმად, 2016 წელს პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიებში საქართველოს რეიტინგი უცვლელი დარჩა 3 ქულაზე; ქვეყანა კვლავ „არჩევითი დემოკრატიების“ კატეგორიაშია – ეს ის სტატუსია, რომელიც Freedom House-მა საქართველოს თავის 2009 წლის ანგარიშში ჩამოართვა 2008 წელს ჩატარებული საპარლამენტო და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამო. თუმცა, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან საქართველო „არჩევითი დემოკრატიის“ კატეგორიაში 2013 წლის ანგარიშში კვლავ დააბრუნა.
Freedom House-მა განაცხადა, რომ ევრაზია, სადაც ანგარიშში საქართველოცაა გაერთიანებული, „გაყოფილი იყო უფრო ევროპისკენ ორიენტირებულ ნაწილსა და მკაცრ ავტოკრატიულ რეჟიმებს შორის“.
„მაშინ როდესაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა მყიფე დემოკრატიული მონაპოვრის გასაძლიერებლად იბრძოდნენ, რამდენიმე ლიდერმა აღმოსავლეთით ეკონომიკური და პოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე საკუთარი ძალაუფლების გაძლიერებისკენ გადადგა ნაბიჯები“, – განაცხადა Freedom House-მა.
Freedom House-ის კვლევაში სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ”სადავო ტერიტორიების” კატეგორიაში გადიან.
წინა ანგარიშების მსგავსად, ცხინვალის რეგიონს „არა თავისუფალის,“ ხოლო აფხაზეთს „ნაწილობრივ თავისუფალის“ სტატუსი აქვთ მინიჭებული. პოლიტიკური უფლებების კატეგორიაში აფხაზეთს 4 ქულა აქვს და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში – 5 ქულა; ხოლო სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს 7 ქულა აქვს პოლიტიკური უფლებების კატეგორიაში და 6 ქულა სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)