ცხინვალმა საქართველოს მოქალაქეს 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ცხინვალის რაიონის სოფელ დისევის მკვიდრს გიორგი გიუნაშვილს 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 

სეპარატრისტული რეგიონის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა 7 თებერვალს, რომ გიორგი გიუნაშვილი 2016 წლის ივნისში დააკავეს „დივერსიული და ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით“.

განცხადების თანახმად, გიუნაშვილის საქმე მოგვიანებით რეგიონის უზენაეს სასამართლოს გადაეცა, რომელმაც ბრალდება ძალაში დატოვა და 3 თებერვალს მას 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.   

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 თებერვალს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც  „ე.წ. სასამართლოს“ გადაწყვეტილება და მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები „არის გამოგონილი და ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული“.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს ყველაფერს გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დასძინა, რომ თბილისი „აქტიურად გააგრძელებს აღნიშნული საკითხის განხილვას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) შეხვედრების ფარგლებში“.

გიუნაშვილის დაკავებას „უკანონო“ უწოდა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

7 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ გიუნაშვილი ე.წ „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“  ბრალდებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ბრალი „უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში“, კონკრეტულად კი ცხინვალის რაიონის სოფელ დისევის ე.წ. „თავდაცვის ჯგუფში“ აქტიური მონაწილეობის გამო დაუმძიმეს.

ნანუაშვილმა დასძინა, რომ „ეს სამწუხარო ფაქტი ადასტურებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ კვლავ გრძელდება უფლებების უხეში დარღვევა“. „ხდება მათთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და დაბრუნების უფლების შელახვა“, – განაცხადა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველმა მოუწოდა სეპარატისტულ ხელისუფლებას,  რომ  „მიიღოს ქმედითი ზომები გიორგი გიუნაშვილის დარღვეული უფლებების აღსადგენად და გაათავისუფლოს იგი“. მან ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად“.

გიუნაშვილი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 2016 წლის 4 ივნისს დააკავა „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით და მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, მოგვიანებით მას დამატებითი ბრალდებები წაუყენეს.

რეგიონის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, გიუნაშვილს ბრალი წარედგინა უკანონი შეიარაღებული ფორმირების ორგანიზების ან მასში მონაწილეობის, ტერორისტული აქტის, მკვლელობის მიზნით თავდასხმის და იარაღის და საბრძოლის მასალის დატაცების მუხლებით.