საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს სტუმრობს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, გენერალი მაიკლ ფლინი, 9 თებერვალი, 2017. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონს სტუმრობს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან კონტაქტების დამყარების მიზნით.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველთან, გენერალ მაიკლ ფლინთან. ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრა ახალ სახელმწიფო მდივანთან, რექს ტილერსონთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა მაიკლ ფლინთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტის მრჩეველს „საქართველოს მიმართ როგორც პერსონალური, ასევე ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გამოხატული ინტერესისა და მხარდაჭერისათვის, ხაზი გაუსვა ამერიკა-საქართველოს ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობას“.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

„თეთრი სახლის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაიკლ ფლინმა „განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების პროცესში, აღინიშნა რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია შეერთებული შტატებისთვის არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურად, როდესაც საკითხი ეხება საერთაშირისო გამოწვევებსა და უსაფრთხოებას“.

„ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, საქართველო სამაგალითოა რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და აქვს დიდი პოტენციალი რეგიონალურ ეკონომიკურ ჰაბად გადაიქცეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჯანელიძემ ასევე გამართა შეხვედრები ამერიკელ სენატორებთან, კერძოდ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ბობ კორკერთან, ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარესთან ტედ ქოქრანთან, და უმრავლესობის ლიდერთან მიჩ მაკკონელთან.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)