აშშ გმობს სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ ‘არალეგიტიმურ რეფერენდუმს’

აშშ-ის საელჩო თბილისში გმობს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ დაგეგმილი რეფერენდუმის ჩატარებას. 

„ასეთი პროვოკაციული ქმედებები ამცირებს ნდობას [მხარეებს შორის] და ძირს უთხრის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს“, – ნათქვამია საელჩოს მიერ 14 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში. 

ამავე განცხადების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს იმ უკანონო რეფერენდუმის შედეგებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე „საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე გაიმართება“.

„ორივე რეგიონი, სამხრეთ ოსეთიცა და აფხაზეთიც წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს. ჩვენ კვლავაც მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის საელჩომ მხარი დაუჭირა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს მიმართ, რომელიც, მისი თქმით, წარმოადგენს „ერთადერთ ფორუმს“, სადაც განიხილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებული მდგომარეობა. საელჩომ „დაჟინებით მოუწოდა“ ყველა მხარეს „თავი აარიდონ ქმედებებს,  დაგეგმილი რეფერენდუმის ჩათვლით, რომლებიც  ძირს უთხრის ჟენევის მოლაპარაკებებს“.

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა 6 თებერვალს რეგიონის სახელწოდების „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანიას სახელმწიფოდ“ გადარქმევის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. რეფერენდუმი 2017 წლის 9 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება.

შემოთავაზებულ რეფერენდუმს თბილისის ფართო კრიტიკა მოჰყვა. საქართველოს ოფიციალურ განცხადებებში მას „უკანონო“ და „მიუღებელი“  უწოდეს და რუსეთის ფედერაცია რეგიონის ანექსიისთვის საფუძვლის მომზადებაში დაადანაშაულეს.