თავდაცვის მინისტრი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბრიუსელშია, სადაც 16 თებერვალს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრება. სხდომა ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 14 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნატოს თავდაცვის მინისტრები უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევებზე იმსჯელებენ და მათზე ალიანსის რეაგირების მექანიზმებს განიხილავენ.
სტოლტენბერგის თქმით, მინისტრები ასევე ისაუბრებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან მომდინარე საფრთხეებზე.
მან ასევე დასძინა, რომ მინისტერიალი 16 თებერვალს ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრით დასრულდება, სადაც მხარეები „რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და ქვეყანაში მიმდინარე იმ რეფორმებს განიხილავენ, რომლებიც [საქართველოს] ნატოსთან აახლოვებს“.
იზორია ორმხრივ შეხვედრებს გამართავს იენს სტოლტენბერგთან და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან, კენეთ ჰენდელმანთან, ასევე თავის თურქ, ბრიტანელ და ლატვიელ კოლეგებთან.