ევროკავშირი: ‘გვჯერა, რომ ხელისუფლება პატივისცემით მოეკიდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას’

ევროკავშირს „სჯერა“, რომ საქართველოს ხელისუფლება „პატივისცემით მოეკიდება“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას შეაჩეროს „რუსთავი 2“-ის საკუთრების დავის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერმა 8 მარტს გავრცელებულ განცხადებაში განაცხადა.

„უზენაესი სასამართლოს  გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ქვეყანაში არსებულ მედია გარემოსა და აზრთა მრავალფეროვნებაზე, რომელიც ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის სამაუწყებლო არხების მეშვეობით.“, – ნათქვამია განცხადებაში.  

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პოლიტიკური პლურალიზმისა და მედიის თავისუფლების უწყვეტ ერთგულებას ძირეული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიის შენარჩუნებისა და კონსოლიდაციისათვის“, – აცხადებს მოგერინის პრესსპიკერი. 

იგი იმედს გამოთქვამს, რომ „საქართველოს მთავრობა ამ პრინციპებს უმაღლეს პრიორიტეტად განიხილავს და აქტიურად აღასრულებს მათ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისი მნიშვნელოვანი ვალდებულებების გათვალისწინებით“.

პრესსპიკერის განცხადებამდე ერთი დღით ადრე ევროპარლამენტის ჩვიდმეტმა წევრმა საქართველოს მთავრობის სახელზე ერთობლივი წერილი გაავრცელა, სადაც ისინი შეშფოთებას გამოხატავენ „რუსთავი 2“-ის მფლობელობის „ძალადობრივი შეცვლის მცდელობების“ გამო და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას „თავი შეიკავოს სასამართლო სისტემა გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკურად ხელსაყრელი შედეგის მიღწევისთვის და „რუსთავი 2“-ის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეფერხების მიზნით“.

„არხის საკუთრების უფლების შეცვლას მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაც მოჰყვება, რის შედეგადაც „რუსთავი 2“ მთავრობისადმი მეგობრულად განწყობილი კიდევ ერთი მედია საშუალება გახდება, რაც სერიოზულად დააზიანებს საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფალი მედიის ხარისხს. ეს ძირს გამოუთხრის საქართველოს შესაძლებლობას ასოცირების შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნის სტატუსით აღებული ვალდებულებები შეასრულოს“, – აცხადებენ ევროპარლამენტის წევრები.

ევროპარლამენტარებმა ასევე მოუწოდეს ევროკომისიას და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს „კრიტიკული შეფასება მისცენ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს და მოსთხოვონ იმ ვალდებულებების სრულად დაკმაყოფილება, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირთან მიმართებაში აიღო“.

წერილს ხელს აწერს 17 ევროპარლამენტარი, მათ შორის რვა ევროპის სახალხო პარტიიდან, ორი სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსიდან, ოთხი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან ევროპისთვის (ALDE), ორი ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ალიანსიდან და ერთიც მწვანეთა/ევროპის თავისუფალი ალიანსიდან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)