თბილისი: ოკუპირებული აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნები ‘უკანონოა’

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 12 მარტს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო მოსკოვი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას“.

12 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას „ჯეროვნად შეაფასოს აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს“.

„ე.წ. საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთის რეგიონში ტარდება იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და ოკუპირებული ტერიტორიების ინტენსიური მილიტარიზაციის პარალელურად, აგრძელებს მათ ფაქტობრივ ანექსიას, რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ინტეგრაციის გზით“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ამავდროულად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს წართმეული აქვთ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება, ადგილზე დარჩენილი მოსახლეობა კი იმყოფება მუდმივი ეთნიკური დისკრიმინაციის ქვეშ, უხეშად ირღვევა რა მათი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ანალოგიური შეხედულებები გააჟღერა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც 12 მარტრს განაცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარება „წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას, რომელსაც არ გააჩნია იურიდიული ძალა და ვერ ექნება სამართლებრივი შედეგი“. 

„იმ ვითარებაში, როდესაც აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებსაც დღემდე არ ეძლევათ საკუთარ ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალება, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას წარმოადგენს უცხო სახელმწიფო – რუსეთის ფედერაცია, შეუძლებელია ვისაუბროთ მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოხატვაზე“, – ნათქვამია მარგველაშვილის განცხადებაში. 

პრეზიდენტმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, „არ დაუშვას საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაცია“ და ასევე მოუწოდა რუსეთის ფედერაციას „2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისაკენ“.

წუხილები „უკანონო“ საპარლამენტო არჩევნების შესახებ ასევე გამოთქვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ორმოცდასამმა ორგანიზაციამ 11 მარტს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც არჩევნების შედეგებს „არ ძალუძს არსებითი ცვლილებები შეიტანოს ლეგიტიმურ პოლიტიკურ სივრცეში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე“.

„ვიდრე აფხაზეთიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ ათასობით ადამიანს არ მიეცემა შესაძლებლობა დაუბრუნდეს საკუთარ სახლ-კარს და მონაწილეობა მიიღოს რეგიონის სოციო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ნებისმიერი პროცესი, მათ შორის არჩევნები, მოკლებული იქნება კანონიერ საფუძვლებს და ვერ განსაზღვრავს აფხაზეთის რეგიონისა და მისი მოსახლეობის მომავალს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მტკიცედ გვწამს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ადეკვატურ შეფასებას მისცემს ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, როგორც დე ფაქტო რეჟიმის მიერ ეთნიკური წმენდის შედეგების ლეგიტიმაციის კიდევ ერთ მცდელობას და არ სცნობს ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას და შედეგებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას, „გააძლიერონ ძალისხმევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დევნილების უპირობო და ღირსეული დაბრუნებისათვის საკუთარ სახლებში“.

„მიგვაჩნია, რომ არსებული სტატუს კვო კიდევ უფრო ამძიმებს როგორც დევნილთა, ისე აფხაზეთის რეგიონში ამჟამად მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას, სადაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისშეფასებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მძიმე მდგომარეობაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)