პრეზიდენტმა კამპანია ‘კონსტიტუცია ყველასია’ დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 13 მარტს კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" თელავიდან დაიწყო.
პრეზიდენტმა კახეთში ადგილობრივ სტუდენტებტან საუბრისას, სადაც ის ადმინისტრაციის და ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა, აღნიშნა რომ კონსტიტუცია საქართველოში არაერთხელ გადასინჯულა, თუმცა ეს ხდებოდა „ჩვეულებრივ, დახურულ კარს მიღმა, ერთი რომელიღაცა პოლიტიკური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე", რაც უნდა დასრულდეს და დაიწყოს "საერთო სახალხო ჩართულობა".
73 წევრიანი კომისია, ქვეყნის მთავარი კანონის გადასინჯვის მიზნით პარლამენტში 2016 წლის 15 დეკემბრს შეიქმნა და სავარაუდოდ, რეკომენდაციებს 30 აპრილს წარადგენს. კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს ოთხ თემატურ ჯგუფად არის დაყოფილი:
- ადამიანის უფლებების, სასამართლო ხელისუფლების, კონსტიტუციის პრეამბულის, კონსტიტუციის ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხებზე;
- პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და კონსტიტუციის გადასინჯვის;
- პრეზიდენტის, მთავრობის და თავდაცვის საკითხებსა;
- ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე
აღნიშნულ კომისიაში ორი ადგილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ეკუთვნოდა, თუმცა მაშინ მათ კომისიის ფორმატს ბოიკოტი გამოუცხადეს, იმ მიზეზით, რომ მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა პრეზიდენტ მარგველაშვილის შეთავაზება კომისია მისი, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეობით შექმნილიყო. მაშინ დაანონსდა, რომ პრეზიდნეტი ცალკე დაიწყებდა კონსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხზე მუშაობას.
აღნიშნული კამპანიის დაწყების შესახებ მარგველაშვილმა ჯერ კიდევ 10 მარტს პრეზიდენტის სასახლეში სპეციალურად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ექსპერტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე არ იყვნენ მმართველი გუნდის "ქართული ოცნების" წავრები. მათ ერთ-ერთ მიზეზად პარლამენტის სხდომის მიმდინარეობა დაასახელეს.
10 მარტის შეხვედრაზე პრეზიდენტმა თავის გამოსვლით სიტყვებში აღნიშნა, რომ ეს კამპანია არ წარმოადგენს პარლამენტში უკვე შექმნილ საკონსტიტუციო კომისიის ალტერნატივას.
"მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ ვქმნით არც ალტერნატიულ პროცესს, არც ალტერნატიულ ტექსტს, არამედ ჩვენ ვეხმარებით მიმდინარე პროცესს დემოკრატიის მეშვეობით,“ აღნიშნა მარგველაშვილმა.
10 მარტს პრეზიდენტის სასახლეში დამსწრე საზოგადოების უმრავლესობამ, როგორც პოლიტიკური პარტიებიდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ცალკეულ კომენტარებში დადებითად შეაფასეს პრეზიდენტის წამოწყება და განაცხადეს, რომ ეს წაადგება "საერთო საქმეს", თუმცა ამის საჭიროებას ვერ ხედავს მმართველი გუნდი და ასევე პარლამენტის თავმჯდომარე.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის წესებს „საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს.“
"ჯერ უნდა შემუშავდეს კონსტიტუციური კანონპროექტი და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს საყოვეთაო სახალხო განხილვა და კანონმდებლობის თანახმად ამ პროექტის განხილვის ინიციატორი და ორგანიზატორი არის საქართველოს პარლამენტი…შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს სხვა კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობით ეს მე არ ვიცი", – განაცხადა 13 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ.
კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხი პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირების საგანი გასულ კვირასაც გახდა, მაშინ როდესაც საკონსტიტუციო კომისია ერთ-ერთ საკითხად პრეზიდენტის არჩევას განიხილავდა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ „სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ სასურველია [2018წელს] ჯერ ჩატარდეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები და შემდეგ მოხდეს გადასვლა სხვა სისტემაზე".
3 მარტს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "საკონსტიტუციო კომისიაში არა კონსტიტუციის შინაარსობრივ და სიღრმისეულ გადახედვასთან გვაქვს საქმე, არამედ საუბარია კონკრეტულ პოლიტიკოსთან [პრეზიდენტთან] დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებასთან".
პრეზიდენტის ამ განცხადებას 4 მარტს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ღიად უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტის მხრიდან აღნიშული განცხადება კომისიის "დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის შეგნებულ მცდელობად" შეაფასა.
„თუ პრეზიდენტი კვლავ გააგრძელებს მსგავსი განცხადებების გაკეთებას შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და პირდაპირ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე", თქვა მან.