აფხაზეთის არჩევნები კიდევ ოთხმა ქვეყანამ დაგმო

კანადამ, ესტონეთმა, ფინეთმა და ლიტვამ 12 მარტს სეპარატისტულ აფხაზეთში გამართული საპარლამენტო არჩევნები დაგმეს.

„კანადა გმობს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ ქმედებებს“, – განაცხადა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტმა (Global Affairs Canada) 17 მარტს.

„ფინეთი არ აღიარებს 2017 წლის 12 მარტს გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს აფხაზეთში; მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი, პაივი პელტოკოსკი Twitter-ზე.

„ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოა. მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 მარტს.

„ე.წ. არჩევნებს აფხაზეთში სამართლებრივი ძალა არ აქვს. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო 14 მარტს.

12 მარტს სეპარატისტულ აფხაზეთში 35-წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს ასარჩევად არჩევნები გაიმართა.

სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებული არჩევნები თბილისმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პოლონეთმა, ნატომ და აზერბაიჯანმა დაგმეს და მას არალეგიტიმური უწოდეს.