საქართველოს ლიდერებმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს
პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი და პრეზიდენტი მარგველაშვილი მარნეულში, 21 მარტი, 2017. ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21 მარტს მარნეულს ესტუმრნენ, სადაც ნოვრუზ ბაირამის საზეიმო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
ნოვრუზ ბაირამი, რომელსაც საქართველოში მცხოვრები მუსლიმი საზოგადოების დიდი ნაწილი ფართოდ აღნიშნავს, 2010 წელს საქართველოში ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.
„მინდა მადლობა გითხრათ იმ მუშაობისთვის და იმ თავდადებისთვის, რომლითაც თქვენ აძლიერებთ ჩვენ ერთიან სამშობლოს“, – მიმართა მარგველაშვილმა მარნეულის მოსახლეობას.
„აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ქართული, ერთიანი სახელმწიფოსი და ერთიანი სივრცის“,- დასძინა მან.
„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ერთად, ერთ ოჯახად ვაშენებდით ძლიერ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს – საქართველოს და გვერდით ვუდგავართ ერთმანეთს ჭირსა და ლხინში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი თაობები კიდევ უფრო ხელიხელჩაკიდებულები ააშენებენ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავის გამოსვლაში.
„ჩვენი აზერბაიჯანელი ეროვნების თანამოქალაქეები არიან ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. მე ასევე მიხარია, რომ თქვენ ინარჩუნებთ მჭიდრო კავშირს აზერბაიჯანთან, ჩვენს მეგობარ, მოძმე ქვეყანასთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ანალოგიური გზავნილი გაახმოვანა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელმაც საქართველოს აზერბაიჯანულ მოსახლეობას 21 მარტს წერილობითი განცხადებით მიულოცა დღესასწაული.
მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო „მულტიკულტურული, მულტიეთნიკური“ ქვეყანაა, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ნოვრუზ ბაირამი მხოლოდ ჩვენი აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების ეროვნული დღესასწაული არ არის. ჩვენ, ქართველი ხალხი, თქვენთან ერთად ვზეიმობთ ამ დღესასწაულს“.
2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის თანახმად, საქართველოში 233 000 (6.3%) ეთნიკურად აზერბაიჯანელი ცხოვრობს. ქვემო ქართლში ისინი მოსახლეობის 41.7%-ს შეადგენენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)