პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა 22 მარტს პრეზიდენტის ვეტო ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტზე დაძლია. პრეზიდენტმა აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო 20 მარტს დაადო

86-მა დეპუტატმა 22-ის წინააღმდეგ, მხარი არ დაუჭირა ამავე კანონპროექტზე შემუშავებულ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების პაკეტს, რომელთაგანაც ერთ-ერთი ეხებოდა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას და ფუნქციონირებას.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მიხედვით, რომელიც 22 მარტს გამართულ სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ წარადგინა, ოპერატიული-ტექნიკური სააგენტო პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში უნდა გადასულიყო, განსხვავებით პარლამენტის მიერ პირველ მარტს მიღებული კანონპროექტისგან, რომლის მიხედვითაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირის სტატუსით სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში რჩება. 

თავიანთ გამოსვლებში პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უმრავლესობის დეპუტატები არ დაეთანხმდნენ და მას "პოლიტიკურად" მოტივირებული უწოდეს. 

დეპუტატებმა სხდომაზე ასევე კენჭი უყარეს აღნიშნული კანონპროექტის პირვანდელ ვერსიას და 93 მომხრე 21 წინააღმდეგ მიიღეს.