ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ალიანსის განცხადება რუსთავი 2 -ის დავაზე
ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ალიანსის ლოგო. წყარო: acreeurope.eu
ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ალიანსმა 22 მარტს განაცხადა, რომ ის „აფასებს“ საქართველოს ერთგულებას ევროპული ღირებულებების მიმართ და „მტკიცედ სჯერა“, რომ საქართველოს ხელისუფლება „განაგრძობს ქვეყანაში მედია პლურალიზმის და მედია თავისუფლების მხარდაჭერას“.
„ყურადღებით ვადევნებთ თვალს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სამართლებრივ საქმეს, რომელიც ქართული სასამართლოების სამივე ინსტანციამ განიხილა და ახლა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია“, – განაცხადა ალიანსმა „რუსთავი 2“-ის მიმდინარე საკუთრების დავასთან დაკავშირებით.
„ვინაიდან სამართლებრივი პროცედურები ჯერ არ დასრულებულა, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეს განიხილავს, ნებისმიერი პოლიტიკური კომენტარი ამ საქმეზე საკითხის შემდგომ პოლიტიზებას გამოიწვევს“, – განაცხადა ალიანსმა.
„გვინდა მხარდაჭერა გამოვხატოთ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესის მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით, მათ შორის, კანონის უზენაესობის, მედია პლურალიზმისა და სასამართლო სისტემის სფეროებში“, – განაცხადა ალიანსმა.
ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ალიანსი (ACRE) 2010 წელს ჩამოყალიბდა როგორც კონსერვატიული, მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური პარტიების ევროპული ქსელი, რომელიც დღესდღეობით 20 ქვეყნიდან 24 სრულუფლებიან წევრ პარტიას და სამ დამოუკიდებელ წევრს აერთიანებს.
საქართველოს კონსერვატიული პარტია, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობაში ექვსწევრიანი ფრაქცია ჰყავს, ალიანსს 2014 წელს შეუერთდა.
ალიანსი სხვადასხვა რეგიონული პარტიების ქსელებთან თანამშრომლობს, მათ შორისაა ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ჯგუფი, რომელიც ევროპარლამენტის მესამე უმსხვილესი ჯგუფია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)