თბილისი სეპარატრისტულ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას კვლავ სთავაზობს

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 28 მარტს, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღეს განაცხადეს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით სარგებლობა შეუძლიათ.

სეპარატისტული სოხუმის და ცხინვალის ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც თბილისი აღნიშნული რეგიონების მოსახლეობის გადაბირებას ცდილობს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმი „სატყუარა“ არ არის.

„ჩვენ ქვეყანას ვაძლიერებთ, ჩვენ ქვეყანას ვამტკიცებთ, ჩვენ ქვეყანას ევროპული მიმართულებთ ვანვითარებთ იმ იმედით, რომ ამ სიკეთეებით ისარგებლებს ყველა, როგორც ძირითად ტერიტორიაზე, ასევე ოკუპაციის ხაზს მიღმა მცხოვრები ხალხი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

„მე მჯერა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჩვენ შორის საკითხების გადაწყვეტის ევროპულ გზებს შემოგვთავაზებს. იმ სირთულეების გადაწყვეტა, რომლებიც არსებობს ჩვენსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს შორის უნდა მოხდეს პირველი, აუცილებლად მშვიდობიანად და მეორე, აუცილებლად იმ ფორმატში და იმ ტრადიციაში, როგორშიც ევროპული სახელმწიფოები წყვეტენ ამ პრობლემებს“, – დასძინა მან.

28 მარტს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟან-კლოდ იუნკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „უვიზო რეჟიმი მთელი მოსახლეობის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა – ეს განცხადება განსაკუთრებით სწორია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთათვის“.

სახელმწიფო მინისტრმა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა სეპარატრისტული რეგიონების მოსახლეობას 28 მარტს განცხადებით მიმართა და აღნიშნა, რომ „ტრაგიკული და პარადოქსულია, როდესაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ იმ დიდ მიღწევაზე, რაც უვიზო მიმოსვლას, ვიზალიბერალიზაციას და ათასობით კილომეტრზე საქართველოს მოქალაქეებისთვის დაუბრკოლებლად გადაადგილების შესაძლებლობას უკავშირდება, მაშინ, როდესაც ჩვენს ორ რეგიონში, აფხაზეთსა და ცხინვალში მოსახლეობა ფაქტობრივად მავთულხლართების ტყვეობაში იმყოფება და იზოლირებულია როგორც დანარჩენი საქართველოსგან, ისე მსოფლიოსგან“.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მათი ბედი და ჩვენი სურვილია, ის დიდი სიკეთე, რომელითაც უკვე დღეიდან ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, მათთვისაც იყოს ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

„როდესაც მათ არ შეუძლიათ, რამდენიმე მეტრითაც კი გადაადგილდნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებებისათვის, საკუთარ კარმიდამოში, ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქის პასპორტით ისარგებლონ და უვიზოდ გადაადგილდნენ ევროკავშირში. ეს მათთვისაც არის უკეთესი მომავლის პერსპექტივა, რომელიც დღეს ოკუპაციის პირობებში წართმეული აქვთ“, – დასძინა მან.

9 თებერვალს სახელმწიფო მინისტრმა Civil.ge-ს განუცხადა, რომ სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით მხოლოდ იმ შემთხვევაში ისარგებლებენ, თუ ისინი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებენ.

მინისტრის თქმით, ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ ორი სეპარატისტული რეგიონის მოსახლეობას წვდომა ჰქონდეს მოქალაქეობის მიღებაზე, მათ შორის, ორივე რეგიონთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლების სიახლოვეს შესაბამისი საჯარო სამსახურების ოფისების გახსნისა და პროცედურების გამარტივების გზით.